უძრავი ქონების ბაზრის ტრანსფორმაცია - ინვესტიციები, ტექნოლოგიები და მომხმარებლის ახალი მოთხოვნები
დღეს უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. თუ წლების წინ გადამწყვეტი მხოლოდ ლოკაცია და კვადრატული მეტრის ფასი იყო, თანამედროვე მომხმარებელი უკვე ენერგოეფექტურობას, "ჭკვიან" გადაწყვეტილებებსა და ციფრულ სერვისებს ანიჭებს უპირატესობას. ამავდროულად, ინვესტორების ინტერესი თბილისის საზღვრებს გასცდა და რეგიონებში გადაინაცვლა.
რა ტიპის ქონება ითვლება დღეს ყველაზე პერსპექტიულ კაპიტალდაბანდებად? რამდენად მზად არის ქართული ბაზარი ინოვაციებისთვის და რატომ რჩება ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტი AI ტექნოლოგიების ეპოქაში? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Tia.ge-ს კითხვებს უძრავი ქონების ექსპერტი, ანანო ცხომარია პასუხობს.
თბილისის გარდა, რომელ ლოკაციებს ან რა ტიპის უძრავ ქონებას (მაგ: მიწა, კომერციული, დასასვენებელი ზონები) მიიჩნევთ დღეს ყველაზე პერსპექტიულად გრძელვადიანი ინვესტიციისთვის?
- დღეს ყველაზე დიდი ინტერესი ზღვისპირა და ტურისტულ ზონებზე მოდის - განსაკუთრებით ბათუმზე, შეკვეთილზე და გუდაურზე. ამ ადგილებში მოთხოვნა არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველია. ასევე საკმაოდ პერსპექტიულია მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენსა და განვითარებად უბნებში, რადგან ქალაქის გაფართოებასთან ერთად მათი ღირებულებაც იზრდება. კომერციული ფართებიც კვლავ საინტერესო მიმართულებად რჩება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა და ბიზნესაქტივობა სწრაფად მატულობს.
როგორც დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, შეკვეთილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ტურისტული ზონაა. სწორედ აქ, ზღვისა და ფიჭვნარის პირას, alpha Home გთავაზობთ პრემიუმ კლასის ბინებს.
რამდენად მზადაა ქართველი მომხმარებელი გადაიხადოს მეტი ენერგოეფექტურ და ჭკვიან ტექნოლოგიებში და რამდენად პრიორიტეტულია ეს თავად დეველოპერებისთვის?
- ბოლო წლებში მომხმარებელი ბევრად უფრო ყურადღებიანი გახდა კომუნალური ხარჯებისა და ცხოვრების კომფორტის მიმართ. თუ ადრე მთავარი მხოლოდ ფასი და ლოკაცია იყო, ახლა ენერგოეფექტურობა, კარგი იზოლაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა, ქართველი მომხმარებლის დიდი ნაწილი ჯერ ისევ ბიუჯეტზეა ორიენტირებული და დამატებით თანხას მხოლოდ მაშინ იხდის, როცა ხედავს რეალურ სარგებელს - მაგალითად, ნაკლებ გადასახადებს ან მეტ კომფორტს.
დეველოპერებისთვისაც ეს მიმართულება უკვე პრიორიტეტული ხდება, რადგან ბაზარზე კონკურენცია იზრდება და მომხმარებელი უფრო მომთხოვნია. ამიტომ ახალი პროექტების დიდ ნაწილში “ჭკვიანი” და ენერგოეფექტური ელემენტები ნელ-ნელა სტანდარტად ყალიბდება.
რამდენად ენდობა ქართველი მომხმარებელი ონლაინ პლატფორმებსა და AI ასისტენტებს ბინის შერჩევისას? თუ მაინც ურჩევნიათ, რომ ცოცხალ ადამიანს, აგენტს დაელაპარაკონ და მისგან გაიგონ დეტალები?
- დღეს მომხმარებელი ბინის ძებნას ძირითადად ონლაინ იწყებს - ნახულობს პლატფორმებს, სოციალურ ქსელებს, გეგმებსა და ფასებს. AI ასისტენტებიც და ონლაინ კონსულტაციებიც პროცესს ბევრად ამარტივებს და დროის დაზოგვაში ეხმარება.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ქართველ მომხმარებელს მაინც ადამიანთან კომუნიკაცია ურჩევნია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტისგან ან გაყიდვების მენეჯერისგან მიიღონ დეტალური და სანდო ინფორმაცია, დასვან დამატებითი კითხვები და იგრძნონ პირადი დამოკიდებულება.
შესაბამისად, ტექნოლოგიები დღეს უფრო დამხმარე ინსტრუმენტია, მაგრამ უძრავი ქონების სფეროში ადამიანური ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან დიდ როლს თამაშობს.