შეუძლია, თუ არა მშობელს ქონების განკარგვა და გასხვისება, როცა ის ბავშვის სახელზეა? - საჭირო ინფორმაცია
ზოგჯერ ქონება ბავშვის სახელზეა რეგისტრირებული. რა უფლებები აქვთ ამ ქონებაზე მშობლებს და როგორ იცავს კანონი ბავშვის მემკვიდრეობას. ამ საკითხზე „კვირის პალიტრაში“ საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე საუბრობს.
„ბავშვებს, ისევე როგორც სრულწლოვნებს, აქვთ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანი პირების კანონიერი წარმომადგენლები არიან მშობლები. ისინი განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდიან ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულია ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. კანონის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, თავისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, ბავშვს უფლება აქვს მშობლისგან მიიღოს ნაღდი ფული ან პლასტიკური ბარათი ლიმიტის შესაბამისი თანხით სარგებლობისთვის, მისი თავისუფალი დროისა და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, მშობლების კეთილი ნების საფუძველზე განისაზღვრება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა დათქმა, რომლის თანახმადაც, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
აქ შეიძლება გაგვიჩნდეს რამდენიმე კითხვა. კერძოდ, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ვინ უნდა დაადგინოს და რა მოიაზრება ქონების განკარგვაში. ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, აუცილებელია მოვიხმოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესი, რომელიც აკონკრეტებს, რომ ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის და 1.000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, ბავშვის ქონების განკარგვისას საკმარისი არ არის მხოლოდ მშობლის მიერ შეფასება და აუცილებელია სასამართლოს თანხმობა.
რაც შეეხება განკარგვას, განკარგვა გულისხმობს ნივთის გასხვისებას. მაგალითად, ბავშვის საკუთრებაში არსებული სახლის გაქირავებისათვის მშობელს სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება. მოქალაქეებისათვის მარტივი შესაფასებელი იქნება, თუ მარტივად განვსაზღვრავთ, რომ განკარგვა არის ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ბავშვი კარგავს ქონებაზე საკუთრების უფლებას. მას შემდეგ, რაც დავადგინეთ, რა შემთხვევაში სჭირდება პირს მოსამართლის თანხმობა, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი.