"ორიოდე სიტყვა ნესტანზე, ტარიელზე და ხორეზმელი სასიძოს ამბავზე: თემა საკმაოდ ძველია რუსთველოლოგიაში" - რას წერს კოსტანტინე გამსახურდია?
კოსტანტინე გამმსახურდია სოციალურ ქსელში ვეფხისტყაოსნის გმირების შესახებ წერს.
"ორიოდე სიტყვა ნესტანზე, ტარიელზე და ხორეზმელი სასიძოს ამბავზე: თემა საკმაოდ ძველია რუსთველოლოგიაში. მაგალითად, ნიკო მარი წერდა, რომ ხვარაზმშას მკვლელობა უნდა შესრულებულიყო მართალი გზით, სადაც თავიდან უნდა დაღვრილიყო "უდანაშაულო სისხლი." ხოლო ტარიელმა გმირის ღირსებისთვის სარისკო ფორმით შეასრულა ის.
იყო მცდელობა, ეს ამბავი პოეტის რაღაც საგანგებო ჩანაფიქრად გაეაზრებიათ. მაგალითად რუსი მკვლევარი ბერკოვი პარალელს დოსტოევსკისთანაც (შდრ. "დანაშაული და სასჯელი") ავლებდა და წერდა, რომ პოემის პირველი ნაწილი ასახავს ტარიელის და ნესტანის უნებურ ცოდვას, მეორე ნაწილი მათ ტანჯვას - ნესტანის ტყვეობა და ტარიელის უდაბნოში ცხოვრება, ხოლო მესამე გვიჩვენებსო ტარიელის აღდგინებას ახალი ცხოვრებისთვის და ნესტანის განთავისუფლებას. თუმცა მისი თვალსაზრისით, მძინარე უფლისწულის მკვლელობას დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიეცესო; ნესტანმა, აგრძელებს მკვლევარი, შემდეგში დანაშაულის სიმძიმე გააცნობიერაო, იგი საკუთარმა სინდისმა ამხილაო, და ამას აბსურდულ დასკვნას აყოლებს - ამის გამო ქაჯეთს ნებაყოფლობით წავიდაო. ჩვენ ვიცით, რომ ნაწარმოებში სხვაგვარად მოხდა ინდოეთის მეფის ასულის ქაჯეთს გაგზავნა.
კათალიკოსი კალიტრატე ცინცაძე თავის რუსთველოლოგიურ ოპუსში კი წერს, რომ ტარიელი უინიციატივოა, ის არსებითად ნესტანის სურვილების უბრალო აღმასრულებელია. ნესტანი იძლევა რჩევებს, რომელშიც შეზავებულია სიცრუე, ურცხვობა, უპატივცემულობა, ვერაგობა, ქვეყნის შეურაცხყოფა, რაც საბოლოო ჯამში თავმოთნეობიდან გამომდინარეობს. ამიტომაც ბოროტად დაწყებული საქმე ბოროტადვე დასრულდაო, წერს კათალიკოსი.
ამ მოსაზრებებს პირობითად ვუწოდოთ მორალისტური განსჯები და ის ერუდიტი, ვინც ამას წინათ ნესტან-დარეჯანზე თქვა, ის დადებითი გმირი არ არისო, სავარაუდოდ ამ ნაწერებსაც იცნობს და ითვალისწინებს - ბერკოვსაც და კალისტრტატე ცინცაძესაც.
მაგრამ მოდით, საქმეს მივუდგეთ არა მორალისტური კუთხიდან, არამედ წავიდეთ სტრატეგიული სურათის რეკონსტრუქციის გზით: რუსთველის პოემას აქვს ქვეტექსტებიც - ის ხომ რაღაც ერთიანი სისტემიდან მოდის. ("ნათარგმანები" ინტერპეტირებულს, განმარტებულს ნიშნავს) ის ხომ ქართული, სრულიად ორიგინალური წაკითხვაა იმ შინაარსებისა, რომელიც მოწინავე კაცობრიობამ იცოდა მოყოლებული ვედებიდან და ავესტიდან დამთავრებული სუფი პოეტებამდე, სადაც არაერთხელაა ეს თემაა წარმოჩენილი.
ხორეზმი და ხატაეთი ეს ის ქვეყნებია, რომლებიც შაჰნამესეული თურანის ერთგვარი ჰიპოსტასებია. თუკი ინდოეთი (ფირდოუსისთან ირანი, ჯ.რ.რ. ტოლკიენთან გონდორი და მინას-ტირითი) სიმბოლოა ცივილიზებულობის, სამყაროს შემოქმედი ღმერთის კულტის, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანური ინდივიდულობის მართლზომიერების აღიარების, არაძალადობრივი კულტურის, სადაც მიწათმოქმედება და ბინადარი ცხოვრების წესია გავრცელებული; თურანი (შდრ,. ბიბლიური მაგოგი, რომლის მთავარიცაა გოგი, ტოლკიენთან - მორდორი) პირიქითაა - ესაა სამხედრო ცეზარიზმის, უკიდურესი ტირანიის, მომთაბარე ცხოვრების წესის დანერგვის ადგილი, სადაც ადამიანის ინდივიდის არაღიარება და მისი ქცევა სამხედრო-დამპყრობლურ-მძარცველური კარტელის ჭანჭიკად ჩვეულებრივი ამბავია. აქ ადამიანი ორკადაა ქცეული. ხორეზმი და ხატაეთი ინდოეთის არსებობას ვერ აიტანენ, ვერ შეეგუებიან. მათი მიზანი მუდმივი გაფართოებაა. არსებითად ქაჯეთი, ხორეზმი და ხატაეთი ეს ერთი სამყაროა.
და რა ემართება ცივილიზაციის ფლაგმანის, ინდოეთის მეფე ფარსადანს? იგი განსჯის უნარს კარგავს და ამიტომაც გადაწყვეტს სასიძოდ მოიყვანოს ხვარაზმშა - რაც იმას ნიშნავს, რომ ინდოეთი და ხორეზმი პრაქტიკულად ერთი ქვეყანა გახდება. განსჯის უნარი მმართველმა შესაძლოა რაღაც ფაქტორების გავლენითაც დაკარგოს, თუნდაც იმის გამო, რომ მის კარზე მოწინააღმდეგის ემისრები მოქმედებენ. შემთხვევითია, რომ და მეფისა, დავარი "ქაჯეთს გათხოვილ ქვრივადაა" მოხსენიებული?
ხვარაზმშა, როგორც სასიძო მოდის დიდძალი ჯარით. საინტერესოა, რომ მას სასახლეში ან სასტუმრო ქარვასლაში კი არ ძინავს, არამედ კარავში. ესეც მინიშნებაა მის მომთაბარეობაზე, იგი თურანის და მაგოგის კულტურიდანაა. რომ “ძინავს”, აქაც რაღაც სიმპტომია: თურანში და შამანურ რეალობაში გონი და ცნობიერება არასოდეს განვითარდება.
ერთადერთი გზა მისი განპატიჟებისა არის ის, რომ მეფემ შეცვალოს გადაწყვეტილება და ეს პირდაპირ აუწყოს. მაშინ მკვლელობა და სისხლისღვრა არ მოხდება. მაგრამ ამბის ლოგიკა ისეა, რომ მეფე ამ ძალებს ხელში ჰყავთ. ამიტომაც ჩნდება კითხვა, არის კი აქ სხვა გზა, თუ არა ის, რასაც მთავარი გმირები "ვეფხისტყაოსნის" თხრობის მიხედვით დაადგნენ?", - წერს გამსახურდია.