თეგებით ძიება

“ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს” – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

გარდატეხის ასაკში მოზარდების მიერ პროტესტისა და წინააღმდეგობის გამოხატვა უჩვეულო არცერთი მშობლისთვის არ არის, ხშირად ამ ასაკის მოზარდები რაღაცის დასამტკიცებლად ან საწინააღმდეგოდ ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. მსგავსი შემთხვევა ბოლო პერიოდში არაერთხელ მომხდარა. როგორ უნდა აღკვეთონ ეს მშობლებმა და რა ფორმით უნდა მოახდინონ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებთან კომუნიკაცია, ამის შესახებ  ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.

- მოზარდებსა და ზოგადად, სკოლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ფაქტები ყოველთვის ხშირი იყო და ზოგადად, ასეთი ჩაგვრითი დამოკიდებულებები, ძალიან პატარა ასაკში აგრესიული ქცევა, როდესაც ბავშვი ეგოცენტრულია და სასურველს ვერ იღებს, სწორედ აქედან იწყება. პატარა ბავშვებს, რომლებიც ეგოცენტრულები არიან, სურთ თავიანთი მეს დაკმაყოფილება, რაც ნორმალური განვითარების პროცესია, გარე სამყაროს მიმართ ძალადობრივი ან არაძალადობრივი დამოკიდებულება სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, გააჩნია გარემო ხელს რომელ პროცესებს შეუწყობს. ამაზე გენეტიკა და ტემპერამენტიც მოქმედებს, მაგრამ გარემო ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ძალადობრივი ქმედებები შეიძლება, ბავშვმა ბევრი მიზეზის, ჰორმონალური ცვლილებების, ზოგადად, ასაკობრივი კრიზისის, დამოკიდებულებების ცვლილებებისა და ავტორიტეტების ნგრევის გამო ჩაიდინოს. ამ ასაკში მოზარდი ხდება რისკიანი, ბევრად უფრო უხეში, ვერ უგებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს და შესაბამისად, სარისკო ქცევების ხარისხიც იზრდება. ეს ნორმალური განვითარების ჩვეულებრივი ტრაექტორიაა, მაგრამ მას აქვს თავისი სოციალური და პედაგოგიური ჩარჩო, რომელიც თუ არ არსებობს, გარშემო შესაბამისი მოვლენები ვითარდება.

- როგორი უნდა იყოს ბავშვების მიმართ ოჯახში დამოკიდებულება, როგორც გადატეხისა, ისე მცირე ასაკში, როცა ის ეგოცენტრულია?

- სხვადსხვა ასაკს განსხვავებული ჩარჩო და მიდგომა აქვს, ამიტომ მის მიმართ დამოკიდებულება და პედაგოგიური მიდგომა შესაბამისი ანუ მიზნობრივი უნდა იყოს. მაგალითად, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ავტორიტეტს და სხვა მნიშვნელოვანი უფროსის დამოკიდებულებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი გარემოსადმი აქტიური შემეცნებითი დამოკიდებულება და შეგძნებისა და მოძრაობების განვითარებაა. აქ მშობელს შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ამ ასაკში შეიძლება, ბავშვს თავისუფალი ნება შევუზღუდოთ, ამ პერიოდში ბავშვის ტვინი ისე ვითარდება, რომ მას იმპულსის შეკავების, გადავადებისა და სწავლისთვის გარკვეული ჩარჩო სჭირდება, რადგან ნებელობა სხვანაირად არ ყალიბდება. ბავშვმა, რომელიც მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული, ოდესღაც ნებისყოფის გადავადება და იმპულსის შეკავება უნდა ისწავლოს. თუ ჩვენ ამას ბავშვის განვითარებაში არ შევიტანთ, ის ამას ვერ ისწავლის. რას ნიშნავს ეს: კანფეტი რომ უნდა ახლა და აქ, ეუბნები, რომ 5 წუთის შემდეგ მისცემ და ეს ხდება 6-წლამდე ასაკის ბავშვებში.

11 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მშობლის, ისე მასწავლებლის ავტორიტეტს.

ამ ასაკამდე ბავშვები ვერ იტანენ გაუგებრობას, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა არის კარგი და ცუდი და ამ ყველაფრის მიმართ მათ საყვარელ და ავტორიტეტულ ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ. ისინი ამას უყურებენ, რადგან ამ ასაკში ხდება მიბაძვა. ისინი მიბაძვით სწავლობენ და მოქცევას საყვარელი, მნიშვნელოვანი ადამიანივით ცდილობენ. შესაბამისად, 11 წლამდე ასაკში ერთი მხრივ ძალიან ადვილია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ქცევების განმტკიცება.

რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, აქ მშობელი ავტორიტეტი აღარ არის, ამიტომ ბავშვი მშობელს ბრმად აღარ ენდობა და ყოველთვის ცდილობს, რომ მისი სიტყვა შეამოწმოს, ამიტომ აქ დისკუსიის არსებობა უკვე მნიშვნელოვანია. მაგალითად, 6 წლამდე ბავშვს თუ ეუბნებიან, რომ დილით უნდა ადგეს და თუ სკოლაში წავა, კანფეტს ან კომპიუტერს მიიღებს, 12-13 წლის ასაკის ბავშვს ამას ვეღარ ეტყვი, მას უნდა აუხსნა, რატომ უნდა ადგეს, ჩაიცვას და სკოლაში წავიდეს.

- როგორც აღნიშნეთ, გარდატეხის ასაკში შვილსა და მშობელს შორის კომუნიკაცია რთულდება, რას ურჩევთ მშობლებს, როგორ უნდა ესაუბრონ შვილებს ამ ასაკში?

მშობლისთვის ამ რეცეპტების მიცემა ძალიან რთულია, როდესაც ის თვითონ გაჭირვებასა და ემოციურად ძალიან მძიმე მდგომაროებაშია. ამავდოულად, ყველა შემთხვევა ძალიან ინდივიდუალურია. ერთი ყველაზე ზოგადი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ემოცია ცხოვრებიდან ყველას ამოღებული გვაქვს, მიგვაჩნია, რომ ზედმეტია. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის კულტურას. საქართველში საკმაოდ ტემპერამენტიანი საზოგადოება ვცხოვრობთ... ემოციებზე არავინ არ ლაპარაკობს და ემოციებით აღზრდაზე არ ფიქრობს, ეს არის აქ მთავარი. როდესაც ძალიან ბევრ ბავშვთან და მშობელთან მქონდა შეხება, აღმოვაჩინე, რომ ბავშვები კარგად მხოლოდ იმიტომ ვერ სწავლობენ, რომ ემოციურად ცუდად არიან. მშობლები ბავშვების მართვას სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ. ჩემი რჩევა არის, რომ მშობელი ბავშვისთვის ემოციურად მისაწვდომი იყოს, თუნდაც დღის განმავლობაში 15 წუთით. მშობელი უნდა დაინტერესდეს, მის შვილს რა ემოცია აწუხებს, ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ბავშვს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები მშობლების შეხედულებებს, როგორც წესი, გაუცნობიერებლად იზიარებენ და თუ მშობლები ძალადობის მიმართ დადებითად არიან განწყობილები, ეს ბავშვზეც აისახება. ბავშვებში არსებულ აგრესიაში იკვეთება თუ არა მშობლების ბრალეულობა?

-ეს საზოგადოება 90-იანი ძალიან მძიმე წლების შემდეგ თაყვანს სცემს ძალას, ფულს, მატერიას და ადამიანური დამოკიდებულებები მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან თუ ექნებათ სტატუსი, ძალაუფლება და ფული, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ისინი ბედნიერები იქნებიან, ეს საქართველოში გავრცელებული აზრია. როდესაც ბავშვი ასეთ საზოგადოებრივ წარმოდგენებში იზრდება და მას მშობლისგან მუდმივად ესმის, რომ უნდა იყო პირველი, ძლიერი, არ უნდა დაიჩაგროს, ყველა თავად უნდა დაჩაგროს, შედეგებიც შესაბამისია.

თავად მოზარდები რა პრობლემების წინაშე დგებიან ხოლმე გარდატეხის ასაკში?

-ამ ასაკში მშობლების აზრი კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებასა და თანატოლებში არსებული განწყობები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ბავშვი იმისკენ არის მიდრეკილი, რასაც საზოგადოებაში ხედავს. მშობლები კი ბუნებრივია, ამას ხელს უწყობენ. როდესაც მშობლებისთვის მნიშვნელოვანია სტატუსი, რომ ბავშვი კარგად სწავლობდეს, დადიოდეს ძვირად ღირებულ სკოლაში, რათა გავლენიანი მეგობრები შეიძინოს, ხელში ეჭიროს კარგი ტელეფონი, რადგან ისე არაფერს წარმოიადგენს, გარდატეხის ასაკის ბავშვებზე ეს დიდ ზეგავლენას ახდენს, ისინიც შესაბამისად იქცევიან.

-ზოგადად, ამ ასაკში ადამიანები ბევრად უფრო რისკიანები და სასტიკები არიან.

ყველანი ასეთები ვიყავით, მაგრამ როდესაც უფროსები მიყვებოდნენ ისტორიებს, თუ კონკრეტული ქმედება რითი შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ძალიან მნიშვენლოვანი იყო. სწორედ ამიტომ არა ჭკუის დარიგება, არამედ ისტორიების თხრობა, ნარატივია საჭირო. ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რა ხდება, რა შეიძლება მოხდეს, რა არჩევანი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ჩვენი საზოგადოების ეთიკური და მორალური ღირებულებებია, ანუ მშობლების, მასწავლებლების, მედიის. ისინი ბავშვების ეთიკურ ღირებულებებზე არაცნობიერად მოქმედებენ.

გარდატეხის ასაკი ისედაც რთული ასაკია და თუ ასეთ დროს საზრისი არ ყალიბდება, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს, ეს ბავშვს ადამიანად გაზრდაში ხელს უშლის. უსაზრისოდ ადამიანი დეპრესიაში ვარდება, ცხოვრებაში მიზანი არ აქვს, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს.

-კიდევ რა შეცდომებს შეიძლება უშვებდნენ მშობლები მოზარდებთან ურთიერთობისას?

მშობლები ბავშვებს არ აძლევენ შეცდომის დაშვების უფლებას. ბავშვები ძირითადად, იმ წესებით ცხოვრობენ, რომლებსაც მშობელი კარნახობს და არ უნდა დაუშვას შეცდომები, არ შეიძლება, იყოს წარუმატებელი, აუცილებლად უნდა იყოს პირველი, საუკეთესო - ეს არის მშობლის შეცდომა. მშობელს, რომელმაც თავის ოცნებებს თავის დროზე ვერ აისრულა, რასაც ვერ მიაღწია, სურს, რომ მისმა შვილმა ამას მიაღწიოს, ის რომ ბავშვი კი არის სულ სხვა იდენტობა და მერე რა, რომ მისი შვილია, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდუალობა, რომელიც სხვისი კარნახით ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ მას თავისი ცხოვრება აქვს, ამას კი ჩვენი მშობელი ვერ იგებს.

ქართველი მშობელი ცდილობს, თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს და ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთოს.

ასეთი ბავშვი შემდეგ დამოუკიდებელი ადამიანი ვერ ხდება. 9 წლის ბავშვს აცმევს, აჭმევს, ულაგებს დედა, ყველაფერს დედა უკეთებს, როცა დამოუკიდებლობას ბავშვებს 3 წლიდან აჩვევენ. დიახ, ამ ასაკში ბავშვმა თვითონ უნდა ჭამოს, ჩაიცვას და მაგიდა აალაგოს.

წყარო: Allnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა