წელს საქართველოში თაფლი დეფიციტში გადადის - მიზეზი უამინდობაა
2023 წლის 9 თვეში საქართველომ 686.6 ათასი აშშ დოლარის 95.9 ტონა თაფლი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 705.05 ათასი დოლარის 165.4 ტონა.
შემცირების მიზეზად მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან" უამინდობას ასახელებს.
მისი თქმით, ქართული თაფლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც მოთხოვნა აკაციის თაფლზეა. წელს კი უამინდობა სწორედ აკაციის ყვავილობას დაემთხვა.
„თაფლის მოსავლის შემცირების მთავარი მიზეზი, ცუდი კლიმატური პირობებია. ქართული თაფლის 80%-ის საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, საიდანაც მოთხოვნა აკაციის თაფლზეა. სწორედ აკაციის ყვავილობას დაემთხვა ცუდი ამინდი. შედეგად, რა მოსავალსაც ვიღებდით, იმის მესამედი მივიღეთ, რაც გავიდა ექსპორტზე.
წელს თაფლის ნაკლებობაა და ფაქტობრივად, თაფლი დეფიციტში გადადის. დიდი საწარმოები, რომლებიც მუშაობენ, მათგან უკვე ამოიყიდა პროდუქცია და ახლა დარჩენილია მცირე მეწარმეებთან, რომლებიც შედარებით ძვირად ყიდიან და შიგა ბაზარზე ოპერირებენ. პრინციპში, დიდი საწარმოებიც, ბრენდირებულ პარტიებზე, შესაბამისად გაზრდილია ფასიც.
გასულ წლებში თუ 20-21-ტონიანი პარტიები გადიოდა საექსპორტოდ, ახლა უკვე 3-5 ტონიან პარტიებად გადის. თუმცა, ვფიქრობ მომავალი წლიდან, მოსავალი მეტი იქნება, გასულ წელს თუ 257 ტონაზე მეტი, ვვარაუდობთ, 500 ტონამდე მაინც ავა. ამ კუთხით, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. იგივე თაფლოვანი მცენარეების განვითარების კუთხით.
გასულ წლებში, მეფუტკრეები ხშირად ჩიოდნენ მარაგებზე, რაც წელს ფაქტობრივად, სრულად ამოყიდულია. თუ ვინმეს აქვს დარჩენილი, მას ან ძალიან ძვირად უნდა გაყიდვა, ან არ არის შესაბამისი ხარისხის", - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, ქართული თაფლი იმპორტს უფრო და უფრო მეტად ანაცვლებს. ცნობადობის და მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი, ყოველწლიურად ფასი 10-15%-ით იზრდება.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებითაც, ადგილობრივი პროდუქცია ფაქტობრივად, სრულად ანაცვლებს უცხოურს. წელს, 9 თვეში საქართველომ მხოლოდ 28.7 ათასი აშშ დოლარის 4.9 ტონა თაფლი იყიდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი, 75.9 ათასი აშშ დოლარის 30.7 ტონა.
bpn.ge