თეგებით ძიება

ჩვენი ხელისუფლება ისე ხელაღებით უღებს კარს მუსლიმურ სამყაროს, რომ მრჩება შთაბეჭდილება, საქართველო ქართველების გარდა, ყველასთვის ემეტება - ლევან ცალუღელაშვილი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, მსოფლიოში მზარდი ანტისემიტური განწყობები და მეომარ სახელმწიფოებს შორის მოქცეული საქართველო, რომელსაც თავისი პრობლემებიც საკმარისი აქვს. პატარა ქვეყნის დიდ გამოწვევებზე TIA.GE-ს ჟურნალისტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ლევან ცალუღელაშვილი ესაუბრა:

- როგორ შეაფასებდით ისრაელში და ზოგადად, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს? 

- ისრაელში განვითარებულ მოვლენებამდე, არ შემიძლია ორი სიტყვით არ ვახსენო რომ სექტემბრის ბოლოს, აქვე, "ყურის ძირში" აზერბაიჯანი მოულოდნელად დაესხა თავს სტეფანაკერტს და სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ "ჰამასი" უფრო სასტიკად გაუსწორდა უდანაშაულო ებრაელებს, ვიდრე ალიევის რეჟიმი - მთიანი ყარაბახის მშვიდობიან მოსახლეობას. მოსახლეობა მაშინაც იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ის კი არა, ნათესავების საფლავებს თხრიდნენ და ძვლები თან მიჰქონდათ, რადგან იცოდნენ, აზერბაიჯანელები რასაც უზამდნენ. რაც არ უნდა ყოფილიყო, მთიანი ყარაბაღი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზერბაიჯანი რუკაზეც კი არ არსებობდა, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონს წარმოადგენდა. 

- ოფიციალურად, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

- დიახ, ზარ-ზეიმით აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა ილჰამ ალიევმა და უკვე "ზანგეზურის დერეფანის" მითვისებაზე დაიწყო საუბარი, რაც სომხეთის ოფიციალურ ტერიტორიას წარმოადგენს. ფაქტობრივად, ყარაბაღთან ერთად, ახლა "ფეშქაშად", ზანგეზური უნდათ. „თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ – ამ ლოზუნგით ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს სალაპარაკოდ თბილისში იბარებდნენ, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანისგან ლოგიკური და ამავდროულად კატეგორიული უარი მიიღეს. ფაშინიანმა პუტინს აქცია ზურგი, რადგან პუტინი არანაირად არ დაეხმარა სომხეთს და ღარიბაშვილ-ალიევის ტანდემისთვის უარის თქმა ფაშინიანს არ გაუჭირდებოდა. პუტინმა ვითომ მშვიდობისმყოფელი რუსი "სალდათები" ჩაუყენა საზღვარზე სომხეთ-აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ ისინი იქ არაფერს აკეთებდნენ. სხვათა შორის, არაერთი ოფიციალური წყარო გვამცნობდა რომ აზერბაიჯანი ყარაბახს სწორედ ისრაელისგან ნაყიდი იარაღით უტევდა. დასრულდა თუ არა აზერბაიჯანის თავდასხმა, ისრაელი-პალესტინის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, რასაც ორივე მხარეს უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ისრაელი თავდაცვის ფარგლებს გასცდა და ტერორიზმთან ბრძოლის დევიზით, თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. ვიცნობ ერთ პალესტინელ ახალგაზრდას, რომელიც მიყვებოდა, ათწლეულების მანძილზე როგორ ითვალწუნებენ და სდევნიან ისრაელელები პალესტინელებს პალესტინიდან. აქვე უნდა ვახსენოთ რომ ისრაელი სულ რაღაც სამოცდათხუთმეტი წლისაა. მიწას ვერ იყოფენ და ამას ეწირება უდანაშაულო ხალხი. 

- საქართველოს დავუბრუნდეთ. ჩვენს ქვეყანაში თუ გახსენდებათ ანტიებრაული განწყობები? 

- ანტიებრაული განწყობები 31 აგვისტოს მარნეულში, ადგილობრივების მიერ ჩატარებულ აქციაზე დაფიქსირდა, მანამდე კი საბურთალოზე მუსლიმმა ქალმა ისრაელის დროშის დაწვა სცადა და რამდენადაც ვიცი,  ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. 31 ოქტომბრის აქციაზე, აზერბაიჯანელებმა "ჰამასი" ფაქტობრივად, ადიდეს და გაამხნევეს... "ღმერთმა ძალა მისცეს ჰამასს რომ იბრძოლონ და ასე გააგრძელონო..." პირველწყაროს მიხედვით, "ჰამასელები" მოჯაჰედებად მოიხსენიეს და თქვეს, რომ ისინი ალლაჰის ნებას აღასრულებენ. მტრები და ტერორისტები უწოდეს ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც ისრაელს ეხმარება ან დაეხმარება. თავად მოჯაჰედი ნიშნავს მეომარს, რომლის ბრძოლაც გამართლებულია და ღვთისგან დალოცვილია მოჯაჰედისთვის ამგვარ ბრძოლაში სიკვდილი დიდი პატივია. ამ დროს: საქართველო მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, 9 ოქტომბერს მიიღეს ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამ დროს მარნეულელთა ნაწილის გაჟღერებული განცხადებების თანახმად, ჰამასი მოჯაჰედები არიან თურმე და იერუსალიმი უნდა გაათავისუფლონ ურჯულოებისგან. პირველწყაროს ჩავეძიე და ასეა ტექსტში: İnşAllah orada olan məzlum xalqa Allahdan səbr diləyirik və Allah mücahidlərin qədəmlərini möhkəm etsin". "mücahidlərin" სულ არ არის აზერბაიჯანულის ცოდნა საჭირო რომ გაარჩიო. მიჩნდება კითხვა: რა აქცია იყო ეს? თუ ვინმე იტყვის რომ ეს მათი მრწამსია, მაშინ რას ერჩოდნენ იმ ახალგაზრდებს, სირიაში რომ მიდიოდნენ საომრად, რატომ ესხმოდით თავს ოჯახებს ანტიტერორისტული მოტივით, პანკისის ხეობაში? მაგრამ საქმე იქამდეა მისული რომ აზერბაიჯანელებს ეს აქცია და იქ გაკეთებული განცხადებები, როგორც ჩანს, "გაუტარეს". სხვა ეთნოსი რომ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ზიზღის კორიანტელი დატრიალდებოდა?! "გაგვიიასნეს" რომ ჰამასი თურმე მოჯაჰედები ყოფილან და საღვთო ომს აწარმოებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რას ნიშნავს, მკითხველი თავად მიხვდება. საბოლოოდ იმას ვიტყოდი, რომ უცხოს მიმართ ზიზღს ერთი ძირი და ფესვი აქვს, გნებავთ ანტისემიტიზმი დავარქვათ და გნებავთ, არმენოფობია. აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა რომ ანტისემიტიზმი დასჯადი უნდა გახდეს და მერე ვეღარ გაბედავენო. ვფიქრობ, არა მხოლოდ ანტისემიტიზმი, ზოგადად ეთნიკურ ნიადაგზე ზიზღის ნებისმიერი გამოვლინება დასჯადი უნდა გახდეს. საქართველოში რაც მოხდა ეს სათქმელადაც არ ღირს იმასთან, რაც ხდებოდა გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში. ისრაელის დროშებს არა მხოლოდ წვავდნენ, - შუა ქუჩაში საჯაროდ აშარდავდნენ კიდეც. 

- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ კონფლიქტის გაფართოვების შემთხვევაში საქართველოში დაპირისპირებამ რელიგიური ხასიათი მიიღოს? 

- იყო სამლოცველოსთან დაკავშირებული დავები, მაგრამ მასშტაბური კონფლქტი არ მახსენდება. ღმერთმა დაგვიფაროს რელიგიური კონფლიქტებისგან, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ისე ხელაღებით უღებს კარს მუსულმანურ სამყაროს, რომ მრჩება შთაბეჭდილება, საქართველო ქართველების გარდა ყველასთვის ემეტება. 

- რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრაციას ვერც საქართველო ასცდა. ქართველების გაზრდილი მიგრაციის ფონზე, ხედავ თუ არა საფრთხეს რუსების, ჩინელების და ა.შ. მასობრივ მიგრაციაში? 

- რა თქმა უნდა. ზოგადად, ზედმეტად გულში ჩახუტება გვახასიათებს, რაც უცხოელს აფიქრებინებს რომ "ოღონდ მოვიდნენ". რუსების მასობრივმა მიგრაციამ პროდუქტებზე ფასების ზრდის გარდა, კარგი რა მოგვიტანა? თან ისე მკვიდრდებიან, რომ აქეთ გაგრძნობინებენ თავს სტუმრად. უკრაინელების უმეტესობას, როგორც ვიცი, ლტოლვილის სტატუსი აქვს. ყველასათვის ცნობილია რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის "წყალობით"  საქართველო სანქციებული რუსეთის სატრანზიტო გასასვლელი გახდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებმა ევროპაში მოსახვედრად გამოიყენეს. მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები ქართველებს ადეპორტებენ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ყოფილ ემიგრანტებს დასაქმებაში და საარსებო პირობების გაუმჯობესებაში ხელი შეუწყოს, სხვადასხვა ეთნოსებს ფართოდ უღებს კარს. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, ისედაც პატარა და ტერიტორიებწართმეულ საქართველოში ჩვენი ადგილიც აღარ დარჩება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა