თეგებით ძიება

იმის ნაცვლად, რომ ფული თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩავდოთ, ვდებთ ისევ დრომოჭმულ გაზიფიცირებაში, ვლაპარაკობთ ისევ ჰესებზე და არ ვლაპარაკობთ ენერგოეფექტურობაზე - მანანა ქოჩლაძე

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბერი მეტეოროლოგიური სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე თბილი იყო, რაც ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის ყველაზე თბილი იქნება ისტორიაში. WMO აღნიშნავს, რომ წლევანდელი ოქტომბრის საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,85 გრადუსით მეტი იყო და 0,40°C-ით მეტი წინა, ყველაზე თბილ ოქტომბერზე.

თუ გაეროს გენერალური მდივანს ვენდობით, გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და გლობალური დუღილის ეპოქა იწყება. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და უბრალო ადამიანებმა რისკებისა და საფრთხეების შემცირებსთვის? TIA.GE-ს „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარეს, მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა.

- მოდი სახელმწიფოდან დავიწყოთ... პირველ რიგში, საჭიროა რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა სახელმწიფო იყოს ჩართული, მათ შორის, ისეთი პატარა ქვეყნებიც, როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ, კლიმატის სამოქმედო გეგმებით, რომელიც დღეს გვაქვს, საქართველოში ემისიების გამოყოფა არ მცირდება, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს სისტემები, რომლებიც მოახდენენ სხვადასხვა გლობალური ცვლილების ზეგავლენის ანალიზს საქართველოს ბუნებაზე, გარემოზე და შემდეგ შესაბამისი გეგმების შედგენას. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ კლიმატის ცვლილებას ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ფაქტია, რომ კლიმატის ცვლილლებების გამო უკვე ადამიანებს ვკარგავთ და საშინელი ტრაგედიები გვაქვს. 

- ამის თავიდან ასაცილებლად რა უნდა გაკეთდეს?

- პირველ რიგში უნდა გამოიყოს თანხები და არსებობდეს კარგად გამართული სამეცნიერო სისტემა. ის სისტემა სისტემა არაა, როდესაც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უცხოელ კოლეგებს უკავშირდები და  სატელიტურ სურათებს თხოვ. ეს ყველაფერი ადგილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ბუნებრივი კატასტროფების მართვის კარგი სისტემა აწყობილი. ამის ნაცვლად, ვისმენთ, რომ წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რაც თავისთავად პრობლემაა. იგივე პრობლემა გვაქვს ემისიების შემცირების თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოს მთავრობა არ ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებს.

- კონკრეტულად, რომელ მოთხოვნებს გულისხმობთ?

- მაგალითად თქვენ იცით, რომ ევროკავშირში მოქმედებს მწვანე შეთანხმება, რომელიც შეზღდვებს უწესებს პროდუქციებს, რომლის შექმნის პროცესში ბევრი ემისია წარმოიქმნება. 2027 წლიდან ეს  უკვე ევროკავშრსა და სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ახალ ბარიერს შექმნის. შესაბამისად, ამ მიმართულებით ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არც მეწარმეებს და არც სახელმწიფოს ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს. ეს არა მარტო გარემოსდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით, არამედ პოოლიტიკურადაც ძალიან დიდ პრობლემას შეგვიქმნის, რადგან  პროდუქცია თუ ვერსად გავიტანეთ, იძულებული გავხდებით რუსეთში გავყიდოთ. თუ საქართველოს პრეტენზია აქვს, რომ თანამედროვე სახელმწიფო და ევროკავშორში შესვლა უნდა, წესიერი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს, უნდა გვესმოდეს რას ვაკეთებთ და როგორ.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას ვაკეთებთ არასწორად?

- ერთის მხრივ, ორგანული საწვავის, მათ შორის ნავთობის და გაზის მოხმარება უნდა შევზღუდოთ და ელექტროენერგიის მისაღებად თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავიდეთ, იქნება ეს მზე თუ ქარი. უნდა მოხდეს საქალაქო ტრანსპორტის მთლიანად ელექტროფიცირება, გათბობის სისტემები უნდა გადავიდნენ პრინციპულად ახალ დონეზე და ამ დროს რას ვხედავთ? რომ საქართველოში გრძელდება გაზიფიცრება და ეს ადამიანებს უხრიათ, იმიტომ, რომ მანამდე შეშით თბებოდნენ და შეშა არა მხოლოდ ემისიებს გამოჰყოფს, არამედ სახლის დაბინძურებასაც იწვევს. იმის ნაცვლად, რომ ფული თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩავდოთ, ვდებთ ისევ დრომოჭმულ გაზიფიცირებაში, ვლაპარაკობთ ისევ ჰესებზე და არ ვლაპარაკობთ ენერგოეფექტურობაზე, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დანახარჯებს შეამცირებდა. ვლაპარაკობთ ტრანსპორტის განვითარებაზე და ძირითადად, საწვავზე მომუშავე ტრანსპორტს ვავითარებთ. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ, რომ ელექტროფიკაციის წახალისებისთვის რამე ნაბიჯები იდგმებოდეს. მე არ ვგულისხმობ ელექტროავტომობილებს, ვგულისხმობ მაგალითად, რკინიგზას. დღეს მთავრობის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ბევრი მაგისტრალი ავაშენოთ, სადაც მეტი ავტომობილ ივლის. შესაბამისად, მთლიანად მართვის პრობლემა გვიდგას და კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო ამწვავებს ჩვენს სიტუაციას. ქვეყანაში შესაბამისი ცოდნა არ არსებობს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზეგავლენა თავიდან ავიცილოთ. მყინვარების დნობას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ის, რომ ადამიანები წყალმოვარდნების გამო არ იღუპებოდნენ, შესაძლებელია. თუ ინდოეთში ახერხებენ, რომ პრაქტიკულად ყველა მყინვარი და გლაციოლოგიური ტბა დათვლილია, იციან რომელმა მათგანმა შეიძლება საფრთხე შექმნას, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, რომ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება და მეცნიერებსაც აგდებულად ვუყურებთ..

- ენერგეტიკის მიმართულებით ყველაფერი გასაგებია და მშენებლობის სექტორი ახალი გამოწვევებისთვის რამდენად მომზადებულია?

- როდესაც სადაც მინდა და რასაც მინდა, იმას ვაშენებ, რომელ მომზადებაზეა საუბარი? ჩვენ კიდევ გაგვმართლა, რომ შოვის ტრაგედია წელს მოხდა და არა მაშინ, როდესაც ტრაგედიის ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდებოდა. გზების მშენებლობა კიდეც ცალკე პრობლემაა. ეკოლოგიურად უსაფრთხო რკინიგზის განვითარების პირობებში შეიძლება ამდენი გზა და ტრანსპორტიც არ ყოფილიყო საჭირო, ანუ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა კლიმატის სამოქმედო გეგმებში, რომელსაც სახელმწიფო ამუშავებს, ამას ვერ ვხედავთ. არ არის ენერგოეფექტურობა როგორც ენერგომოხმარების შემცირების შესაძლებლობა,  დეკარბონიზაცია, ენერგოსექტორის მედეგობის გაზრდა, ძირითადი აქცენტი გადატანილი ჰიდროენერგეტიკაზე, ანუ სამოქმედო გეგმა ჩვენი დასკვნით შეზღუდული და არაეფექტურია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა