თეგებით ძიება

"დაისაჯონ გინტურის მკვლელები“ - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული, თამაზ გინტურისა და გატაცებული ლევან დოთიაშვილის შესახებაა. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. მას მხარი 495მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 იყო წინააღმდეგი.

დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგი და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.

რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:

"ევროპის სახალხო პარტია";

"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";

"რეფორმების ჯგუფი";

"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";

"ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".

საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია იყო ატვირთული.

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2018 წელსაც მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებთ მომზადდა. დოკუმენტი 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებსა და სანქციების დაწესების საკითხს.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 22 ნოემბერს ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის ტექსტი სასესიო სხდომაზე გაახმოვანეს და სიტყვიერად მოუწოდეს ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი.

ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და ამით სანქციების დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე გაისმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის სახელები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა