არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით - პრეზიდენტი
არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნებისა და საპარლამენტო საქმიანობისთვის ემზადებოდა და არჩევნების შედეგებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
„არავინ არის ოპოზიციით კმაყოფილი, არც მე და არც მოსახლეობა, ეს ყველამ ვიცით იმიტომ, რომ ოპოზიცია მომზადებული იყო სხვა რამისთვის - ქარტიის ირგვლივ ვიცოდით ზუსტად, სამოქმედო გეგმა რა იყო, რა კანონები იყო მისაღები, როგორ უნდა წავსულიყავით ახალ არჩევნებამდე - ამაზე არ იყო ბოლომდე შეთანხმება, მაგრამ მივიდოდით იქამდე, ამის პირობას გაძლევთ. ამისთვის იყო მომზადებული ეს ოპოზიცია, რომელიც, კიდევ ერთხელ, არის მრავალფეროვანი და არა წინასწარ შეთანხმებული და ეს კარგია, ეს არის დემოკრატია და რაც გვაქვს, ეს გვაქვს - ეს არის საწყისი. ჩვენ 33 წელია, ვცხოვრობთ ერთპარტიულ სისტემაში, პატარა გამონაკლისების გარდა, რომლებიც დიდხანს არ გაგრძელდა. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებს, იყვნენ ერთად იმ საქმეში, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის პირველი დანიშნულება, რომ ახლა ქუჩის პროტესტი მართოს - ისინი არ ემზადებოდნენ ამისთვის. ემზადები არჩევნებისთვის, ემზადები იმისთვის, რომ პარლამენტში პოლიტიკურად მიიღო მონაწილეობა და იქ კანონები მიიღო, ამ საქმისთვის ხარ მზად და უცებ უნდა გამართო ქუჩის აქციები.
კოორდინაცია მეტი უნდა იყოს, ეს არის ხალხის მოთხოვნა და ხალხს თუ არ მოუსმენენ პოლიტიკური პარტიები, სხვა გამოსავალი არავის გამოუგონია, თუ არა არჩევნები, როცა ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. ერთი ვარიანტი, ყველაზე უკიდურესი არის, რომ ჩაგვაბარონ რუსეთს, არ მინდა ვიფიქრო, რა მოხდება ამ ქვეყანაში, თუ იქ მიგვიყვანეს, რასაც ნიშნავს რუსეთს ჩაბარება. მეორე გამოსავალი არის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი, ახალი არჩევნები, რომელიც არ გულისხმობს, რომ “ქართული ოცნება” უცებ გადავარდება, დაიჭერენ და აღარ იქნება. ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ მიიღებენ თავიანთ კუთვნილ რაღაცას. ანუ ქვეყნის სტაბილურობა გადის ახალ არჩევნებზე”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.