წმინდა გიორგის მეოხებითა და შეწევნით ღმერთმა კვლავაც მოგვცეს ძალა ბოლომდე უფლის გზით სვლისა - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო სოციალური ქსელის საშუალებით, მრევლს გიორგობას და სამების ტაძრის გახსნიდან 20 წლისთავს ულოცავს.
„წელს, გიორგობას, 20 წელი სრულდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან. იმ პერიოდში, მაცხოვრის შობიდან 2000 წლისთავთან დაკავშირებით, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში აიგო ახალი ეკლესიები. ჩვენ ღვთის ამ სახლის მშენებლობით შევხვდით ქრისტიანული სამყაროს უდიდეს თარიღს და ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავს. თუმცა, ტაძრის კურთხევა მოგვიანებით, 2004 წელს, მოხდა.
მას საფუძველი 1990-იან წლებში ჩაეყარა, მაგრამ უსახსრობის გამო პროცესი მალევე გაჩერდა. ეს მდგომარეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. შემდეგ მისი უწმინდესობის თხოვნით და ბატონი ედუარდ შევარდნაძის შუამდგომლობით, მისი აგება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იტვირთა, რომელმაც, ხალხის შემოწირულობებთან ერთად, უზრუნველყო კომპლექსის მშენებლობა, მოპირკეთება, კეთილმოწყობა და გამშვენება.
პროექტის ავტორია ბატონი არჩილ მინდიაშვილი; მშენებლობას ზედამხედველობას უწევდა ბატონი ირაკლი ანდრიაძე; მთავარი ხატმწერი - ბატონი ამირან გოგლიძე და სხვანი. მუშაობის პროცესში მრავალი სამშენებლო ორგანიზაცია და ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის: ხელოსნები, ქვის მთლელები, ინჟინრები, კონსტრუქტორები, მეცნიერები, სტუდენტები, სასულიერო პირები, მრევლი და საერთოდ ჩვენი მოქალაქეები.
ღმერთმა შეიწიროს ყველას ღვაწლი!
ეს იყო ისტორიული მშენებლობა არა მარტო თავისი მასშტაბით, არამედ იმითაც, რომ სწორედ მან მისცა დიდი ბიძგი შემდგომში არაერთი ახალი ტაძრის აგებას საქართველოში.
როგორც ცნობილია, წმინდა გიორგი საქართველოსთვის გამორჩეული წმინდანი და შემწეა. იგი ხშირად ხილულად მიუძღოდა ჩვენს ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში და ქრისტიანული რწმენის დაცვისთვის განამტკიცებდა. ამიტომაც, მისი სალოცავებითაა მოფენილი ჩვენი ქვეყანა.
ყველას, ვინც ამ დიდმოწამის სახელს ატარებს, და სრულიად საქართველოს ვულოცავთ გიორგობას! გილოცავთ სამების ტაძრის გახსნიდან 20 წლისთავს. წმინდა გიორგის მეოხებითა და შეწევნით ღმერთმა კვლავაც მოგვცეს ძალა ბოლომდე უფლის გზით სვლისა, ამინ!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.