თეგებით ძიება

ვინც არ მარხულობს, ვინ გემუქრებათ მახვილით? მაგრამ თქვით სიმართლე, ვერ შეელიეთ ამ გაფუფქულ ქათამს, ხაჭაპურს, ტორტებსა თუ სასმელს - მამა ლევან ჯიქური

28 ნოემბერს მორწმუნეებისთვის შობი მარხვა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური მიმართვას ავრცელებს:

ვიცი რომ დიდი ტექსტების კითხვა გეზარებათ და სქროლვა უფრო იოლია. მაგრამ ყველა ჩემ მკითხველს გთხოვთ გულისყურით წაიკითხეთ რადგან თქვენ გადარჩენას ეხება და გააზიარეთ, თქვენი ქმედებით ერთი ცოდვილიც რომ მოექცეს თქვენ ბევრი ცოდვა გეპატიებათ.

  ბიბლიაში ვკითხულობთ რომ, სირიის უსჯულო მეფე ანტიოქოსმა, ებრაელ მღვდელ ელიაზარს, ქვრივ სოლომონიას და მის 7 ვაჟს მოსთხოვა ღორის ხოცის ჭამა, ანუ მარხვის გატეხვა, სჯულის დარღვევა. თუ დათანხმდებოდნენ სამეფო კარზე აღაზევებდა, თუ არა და საშინლად აწამებდა. 

  მათ უთხრეს რომ მამათა მცნებების დარღვევას სიკვდილი ერჩივნათ.

  მღვდელს შოლტით ხორცი დაუფლითეს, სისხლი ნაკადულებად მოსდიოდა დასერილ ფერდზე, შემდეგ ცეცხლში შეაგდეს და ძვლებამდე დამწვარი ისევ ერისთვის ლოცულობდა.

  გამოიყვანეს უფროსი ვაჟი აბიმი, გახადეს, გაკოჭეს, საწამებელ ბორბალზე მიაბეს, სახსრები დაუწყვიტეს, ქვეშ ცეცხლი შეუნთეს, ბორბალს ატრიალებდნენ, სისხლით ირწყვებოდა იქაურობა. ძვლების დამტვრევა რომ დაუწყეს, კი არ კვნესოდა, ძმებს გასძახა "მომბაძეთ ძმებო, იომეთ წმინდა ომით რჯულისთვის."

  უფროსი ძმა რომ მოკვდა მოიყვანეს ანტონინე, ნიკაპამდე ხორცი აგლიჯეს, შემდეგ თავზე გადააძრეს კანი და ასე მოკლეს.

  დედა შვიდივეს ერთად და ცალცალკე ამხნევებდა რომ არ შეშინებულიყვნენ.

  მესამე ძმა გურის ურჩიეს ეჭამა ხორცი და უარის მიღებისთანავე დაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები. ის აზრს არ იცვლიდა ამიტომ თავიდან ფეხებამდე გაატყავეს.

  მეოთხე ელეაზარს ენა ამოაჭრეს. 

  მეხუთე ევსევონი ტანჯეს და წელში გაწყვიტეს. 

  მეექვსე ძმა ალიმს ხერხემალი გადაუმტვრიეს, ცეცხლში ჩააგდეს, გახურებული შუბები გაუყარეს მუცელში, ის კი ღმერთს ადიდებდა ასპერეზისთვის და გამარჯვებისთვის.

  როდესაც ყველაზე პატარა ძმა მარკელი გამოიყვანეს, მეფე რა თქმა უნდა ძალიან იყო განრისხებული რომ ვერცერთი გატეხა, მაგრამ პატარა მაინც დაენანა და ურჩია გაეტეხა მარხვა.

  მარკელიმ კი მეფეს უთხრა რომ შენ ცოცხალსა და მკვდარსა ტანჯვა გელოდებაო, გაქანდა დაემხო დიდ ცხელ რკინას და დაიხრუკა.

  დედა, რომლის თვალწინაც შვილების დაკუწული სხეულის ნაწილები იყო მიმოფანტული, ტყავები, ნამწვავები, ცრემლიც კი არ მორევია, ხელი არ მოაკიდინა მტანჯველებს, თავად ჩავარდა ცეცხლში. 

  ჩემო ძვირფასებო აი ეს არის ღვთის სიყვარული და სჯულის ერთგულება.

  ვინც საჭმელისთვის, სამსახურისთვის ყველაფერზე აწერთ ხელს, ვაი თქვენს ქრისტიანობას. 

  ზოგი რომ ვერმიშელისთვის იეღოვაში შედის, ჯარში რო არ წავიდეს გირჩი და კიდევ ათასი უკუღმართობა ხდება, მიკვირს როგორ დადიან ასი ათას მოწამეთა სისხლით მორწყულ ქართულ მიწაზე. 

  დღეს ვინც არ მარხულობს, ვინ გემუქრებათ მახვილით? მაგრამ თქვით სიმართლე, ვერ შეელიეთ ამ გაფუფქულ ქათამს, ხაჭაპურს, ტორტებსა თუ სასმელს, და თქვენც გიყვართ ღმერთი და ზემოთ ნახსენებ წმინდანებსაც? რომ გარდაიცვლებით მათ გვერდით გინდათ ყოფნა? 

  ვინც თითქოს მორწმუნეობთ და თან მოდა-მოდა გამოდიხართ. მარხვის დღეებში რესტორნებსა და კინო-თეატრებში დადიხართ გგონიათ ან თქვენ იცავთ რჯულს?

  ვინც არ ლოცულობთ, არ დადიხართ ტაძრებში, რა გაქვთ მიზეზი დევნაა? მაგრამ ვერ ამოწურეთ ეს ბაზრობები, რემონტები და პრანჭვა, გეყოფათ, კარზეა აღსასრული, იმყოფინეთ რაც გაქვთ, 500 წელი ხომ არ უნდა იცხოვროთ?

  და ბოლოს მშობლებო, ვინც შვილებს არ ასწავლით რჯულს, არ აღასრულებინებთ, არ ამარხულებთ, იცოდეთ იმ ურჯულო მეფეზე დიდი სატანჯველისთვის სწირავთ მათ, მან დროებით სტანჯა, თქვენ მარადიულ სატანჯველს ჯოჯოხეთ უმზადებთ - წერს მამა ლევანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა