თეგებით ძიება

რეფორმა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმებით დავიწყეთ, დღეს დაწყებითი კლასების გარდა, არც ერთ საგანში პედაგოგი აღარ მზადდება და ის შედეგი მივიღეთ, რაც გვაქვს - ნათელა მაღლაკელიძე

12 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოწვევებთან დაკავშირებით სამინისტროს ცოდნა PISA-ს კვლევის შედეგებს ნაწილობრივ უკავშირდება „მე მგონი, ჩვენ არ ვართ კმაყოფილებით აღსავსე იმით, რა შედეგები გვაქვს და როგორ გვაქვს. ამას, სიმართლე გითხრათ, არ სჭირდებოდა არც PISA-სკვლევა, ისედაც ვიცით, სისტემაში რა ხდება“ - განაცხადა ამილახვარმა.

რამდენად დროული იყო და გაუმკლავდება თუ არა ამილახვარის რეფორმა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, ამ თემაზე TIA.GE -ს ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ნათელა მაღლაკელიძე ესაუბრა:

- ცვლილებები აუცილებლად დასაწყები იყო. თუ ადრე ბავშვები მხოლოდ მისაღები გამოცდებისთვის და უცხო ენებში ემზადებოდნენ, დღევანდელი სკოლა მთლიანად რეპეტიტორზე დგას. თითქოს სკოლაში ბევრ დავალებას აძლევენ ბავშვებს, თითქოს სასწავლო პროცესიც გართულდა, მაგრამ შედეგი ყოველწლიურად უარესდება. წარმოიდგინეთ, ზოგი ჩემი პირველკურსელი არსებით სახელს და ზმნას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. 

- ასეთი ცოდნით ეროვნული გამოცდები როგორ დაძლიეს?

- მინიმალური ბარიერია და როგორღაც დაძლიეს. ბარიერის აწევის შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლები კონტინგენტს ვერ მიიღებენ და ნახევარზე მეტი დაიხურება.

- ასეთ პირობებში, იქნებ დახურვა ჯობდეს?

- 1979 წელს განათლების სამინისტროში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, რომ მოსკოვის კომისია ჩამოვიდა და გვთხრა, 19 უმაღლესი სასწავლებელი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ბევრიაო და 17 დატოვეს. დღეს რამდენია? პირველი რეფორმა რომ დაიწყო, მახსოვს აკრედიტაცია 75-მა გაიარა და იმის მერე რა თქმა უნდა, რაოდენობა გაიზარდა. 90-იანი წლების ბოლოს განათლების ერთ-ერთი მინისტრი ამბობდა, რომ თუკი მოთხოვნა და სურვილი არის, რომ ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება მიიღოს, რატომ არ უნდა შევთავაზოთო. არადა, სურვილი ერია და ცოდნა მეორე.

თქვენს კითხვას დავბრუნდები და გეტყვით, რომ ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო დღეს ახორციელებს, აუცილებელი იყო. იმის გაგრძელება, რასაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სკოლის მოდელი ქვია, არ შეიძლებოდა. ასევე არ შეიძლებოდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი კომპლექსურ დავალებამდე დაგვეყვანა და კომპლექსური დავალება სწავლა-სწავლების ანი და ჰოედ გვექცია. კი ბატონო საჭიროა, მაგრამ მთელი ლიტერატურის სწავლების კომპლექსურ დავალებამდე დაყვანა ჯერ ერთი, აბსურდია, მეორეც შევხედოთ პედაგოგების პროფესიულ განვითარებას. უმრავი სქემა, უამრავი პორტფოლიო.. მასწავლებლებს იმდენი აქტივობა აქვს შესასრულებელი, გაკვეთილების ჩასატარებლად არ სცალიათ.

- მასწავლებლის პროფესიული განვითარებაც ხომ მნიშვნელოვანია?

- კი, მაგრამ სანამ განვითარდება, არ უნდა მომზადდეს? გაიხსენეთ, განათლების რეფორმა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმებით დავიწყეთ და დღეს დაწყებითი კლასების გარდა,  არც ერთ საგანში პედაგოგი აღარ მზადდება. არის ერთწლიანი გადამზადების პროგრამა, და ფეისბუქი აჭრელებულია განცხადებებით - თუ გსურთ მასწავლებლობა, მოგვმართეთ და სხვადასხვა საგანში გადაგამზადებთო. გამოდის, რომ პედაგოგიური უნივერსიტეტი გადამზადების ცენტრებამდე დაიყვანეს. თუ ვინმემ მასწავლებლობა გადაწყვიტა, გადაემზადება რაღაც საგანში, მინიმალურ ბარიერს გადალახავს, 60 კრედიტიან გადამზადების პროგრამას გაივლის და მორჩა, უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. საგნობრივი კომპეტენცია მთლიანად უკანა პლანზე გადავიდა. 

- ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო და რატომღაც, „ქართული ოცნების“ დროსაც გაგრძელდა...

- მე იმას გეტყვით, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. 2018 წელს ჩვენმა წიგნებმა გრიფირება წარმატებით გაიარეს, მასწავლებლების უმეტესობამაც „მერიდიანის“ წიგნები აირჩია, თუმცა სულ სხვა წიგნები მიიღო - გრიფის მიუხედავად, ჩვენი წიგნები სკოლაში არ შეიტანეს. დასკვნებში, რომლებიც  „დიდებულმა“ ექსპერტებმა ჩვენს წიგნებზე დაწერეს, ჯერ ერთი, არაპროფესიონალიზმი და აშკარა ინტერესთა  კონფლიქტი იკვეთება და ამასთან, მთელი ქართული პედაგოგიკა  ხაზგადასმულია. განსაკუთრებით იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს აკრიტიკებენ - ბულინგი და ბავშვების ინტერესების შებღალვააო. გოგებაშვილზე ამბობენ ამას. მეტი რა გითხრათ, არ ვიცი.. დღევანდელ ცვლილებებში განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ მასწავლებლები უნდა გავათავისუფლოთ ამდენი ტრენინგისგან, რომ უნდა შეიცვალოს და სხვა ფორმა მიეცეს მასწავებლის პროფესიულ განვითარებას, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გადასახედი და შესაცვლელია და ა.შ. 

- ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა. ამ ცვლილებებზე რა აზრის ხართ?

- რაც შეეხება შეფასებას, ვიცი, რომ ამის გამო ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი. ცვლილებების მიხედვით წინა პლანზე ე.წ. განმავითარებელი შეფასება წამოვიდა და განმსაზვრელი შეფასება ქულებით რაც არის, ყოველ წელს აღარ იქნებაო. ჩვენ ამას უნიშნო სწავლებას ვეძახდით და ეს ექსპერიმენტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გვქონდა. პირველი ექსპერიმენტული სკოლა ამაზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება განმსაზღვრელი შეფასების გაუქმებაზე ღელვას, კითხვას ასე შემოგიბრუნებთ, დღეს რომ ქულებს ვწერთ, რა შედეგი გვაქვს? ის, რომ ბავშვებს წაკითხულის გააზრება უჭირთ, თუმცა ეს დიდი ხანია ვიცით. ჯერ კიდევ 2006 წლის PIRLS-ის  კვლევების შემდეგ ატყდა განგაში, მაგრამ იმის მერე რამე შეიცვალა? ამხელა განგაშია ატეხილი და ხან PISA იკვლევს და ხან სხვა, ახლა სპეციალურ კვლევის ცეტრიც შეიქმნა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვინმემ გამოიკვლია, ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულთა ცოდნის დონე, ან ის 2006 წლიდან დღემდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები როგორ შეიცვალა? ამ ხნის განმავლობაში რა შედეგები დადეს ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლის დამთავრების შემდეგ ვიცით? 

- თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მე არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ ყოველ წელს საქმე უარესობისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე კლასიდან თითქმის ყველა კლასში ამზადებენ მშობლები, განათლების დონე მაინც უკან და უკან მიდის. საუბრის ბოლოს არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ერთი ამბავი ატყდა - ქართულს მეორე ენა როგორ უწოდესო. ხომ არ შეიძლება ყველა ყველაფრის სპეციალიტი ვიყოთ? ეს არის ჩვენი პროფესიული ტერმინია, რომლითაც განვასხვავებთ ქართულის სწავლებას ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებში. პედაგოგიკაშიც, ფსიქოლოგიაშიც, მეთოდიკაშიც პირველ ენად აზროვნების ენა ითვლება. ასე, რომ ჩვენი სომხურენოვანი თუ აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლისთვის ქართული მეორე ენაა და ღმერთმა ქნას, რომ ეს მეორე ენა კარგად ისწავლონ. იცით აზერბაიჯანულ სექტორზე რა ხდება? სკოლას ისე ამთავრებენ, ქართულად წერა-კითხვა არ იციან. სინამდვილეში განგაში ამაზე უნდა ატეხონ, მაგრამ არავინ ახსენებს. არადა, არაქართულენოვან სკოლებში ქართულის სწავლებაზე უამრავი გრანტია დახარჯული. ილიას უნივერსიტეტში უამრავი ასეთი სტუდენტი გვყავს და განსაკუთრებულ პირობებს ვუქმნით, ოღონდ ქართული ისწავლონ, თუმცა შედეგი ყოველთვის კარგი არაა. ალბათ ეს მაინც მოტივაციაზეა დამოკიდებული, რომელიც არ აქვთ და ეს ნამდვილად პრობლემაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა