გერმანიის შეიარაღებული ძალები მიმდინარე წლის თებერვალში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთთან ჰიბრიდული ომისთვის ემზადება
გერმანიის შეიარაღებული ძალები მიმდინარე წლის თებერვალში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთთან ჰიბრიდული ომისთვის ემზადება, - ამის შესახებ Bild-ი ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
გერმანული გამოცემის მონაცემებით, საიდუმლო დოკუმენტში გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს რუსეთსა და ნატოს შორის შესაძლო „გზას კონფლიქტისკენ“. რუსეთისა და დასავლეთის ქმედებები თვიდან თვემდეა გაწერილი, კულმინაციას კი საზღვარზე ნატოს ასობით ათასი ჯარისკაცის განთავსება და 2025 წლის ზაფხულში ომის გარდაუვალი დაწყება წარმოადგენს.
BILD-ი დოკუმენტში მოყვანილ სცენარს ნაწილობრივ აქვეყნებს და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ნატოს ძალების რაოდენობასა და გადაადგილებაზე სრულ ცნობებს არ აქვეყნებს.
ბუნდესვერის სცენარი, სახელწოდებით „ალიანსის თავდაცვა 2025“ 2024 წლის თებერვალში იწყება. სცენარის მიხედვით, რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას აცხადებს და არმიაში დამატებით 200 ათას ადამიანს იწვევს. გაზაფხულზე კრემლი უკრაინაში შეტევას იწყებს, რომლის შედეგადაც ივნისში უკრაინის ჯარი უკან იხევს.
რუსეთის ჯერ ფარული, შემდეგ კი აშკარა თავდასხმა დასავლეთზე ივლისში იწყება. მოსალოდნელია კიბერშეტევები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ფიქსირდება შეტაკებების ფაქტები, რომლებსაც რუსეთი საკუთარ და ბელარუსის ტერიტორიაზე მასშტაბური სწავლების დასაწყებად იყენებს.
სცენარის მიხედვით, ამ სიტუაციის ესკალაცია შესაძლოა ოქტომბერში დაფიქსირდეს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი საშუალო მოქმედების რაკეტებს კალინინგრადში გადაისვრის. 2024 წლის დეკემბერში ადგილი აქვს „სასაზღვრო კონფლიქტს“, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება.
იმ მომენტში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერის გარეშე რჩება, რუსეთი ბელარუსის მხარდაჭერით ნატოს ტერიტორიაზე 2014 წელს უკრაინაში შეჭრის სცენარს იმეორებს. 2024 წლის მაისში ნატო შეკავების ზომების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას და აღმოსავლეთ ფლანგზე 300 ათასი სამხედრო გადაჰყავს, მათ შორის ბუნდესვერის 30 ათასი ჯარისკაცია.
სცენარი ამ მოვლენების განვითარებიდან 30 დღეში სრულდება. ახერხებს თუ არა ნატო რუსეთის შეკავებას ღია კითხვად რჩება.