თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

რატომ არ ჭამენ ავსტრალიელები გარეულ კურდღელს, რომელიც კონტინენტზე ასობით მილიონია ?

კურდღელი ავსტრალიისთვის სერიოზული პრობლემაა. ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს და ძალიან სწრაფად მრავლდება. თუ ასეა, რატომ არ ნადირობენ მათზე და რატომ არ ამზადებენ კურდღლის გემრიელი ხორცისგან საკვებს?

მიზეზის გასაგებად, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ:

რატომ არის ავსტრალიაში ამდენი კურდღელი?

ყველაფერი მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ავსტრალიაში კურდღელი პირველმა ინგლისელმა კოლონისტებმა შეიყვანეს, როგორც საკვები ხორცი.

თავდაპირველად კურდღლები გალიებში ჰყავდათ. 1859 წელს კი ერთ-ერთმა მემამულემ ტომ ოსტინმა სხვადასხვა ჯიშის 24 კურდღელი თავის საკუთრებაში არსებულ პარკში გაუშვა, რათა მათზე ენადირა, მაგრამ ავსტრალია განსაკუთრებული კონტინენტია, ამიტომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - კარგმა კლიმატმა, ბევრმა საკვებმა და ჯიშების აღრევამ შესანიშნავი პირობა შექმნა პოპულაციის მკვეთრი ზრდისთვის.

პირველი ათი წლის მანძილზე ყურცქვიტების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ყოველწლიურად 2 მილიონის განადგურებას შედეგი არ მოჰყოლია.

თავიდან კურდღლები ავსტრალიელებს შიმშილის რთულ წლების გადატანაში დაეხმარნენ, მაგრამ მალე ავსტრალიის ეკოლოგია იმდენად დააზიანეს, რომ ზიანმა სარგებელს გადააჭარბა. კურდღლები ღრღნიდნენ ხეების ქერქს, ყლორტებსა და ბალახს. ამის გამო ცხოველთა ბევრი პატარა სახეობა მთლიანად გაქრა.

როგორ ებრძვიან ყურცქვიტებს ავსტრალიელები?

საუკუნე-ნახევარზე მეტია, ავსტრალიელები კურდღლებთან ომში არიან ჩართული.

ავსტრალიელები კურდღლებს ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით ებრძოდნენ: მათზე ნადირობდნენ, წამლავდნენ, კურდღლების სოროებს მძიმე ტექნიკით ანგრევდნენ, მელიებს ამრავლებდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო, ამიტომ 1950 წელს ყურცქვიტების ინფიცირება გადაწყდა. კურდღლები მიქსომატოზით დააინფიცირეს, რამაც ცხოველების რაოდენობა 6-ჯერ შეამცირა.

სამაგიეროდ, გადარჩენილმა ასმა მილიონმა ინფექციის მიმართ იმუნიტეტი შეიმუშავა და გასული საუკუნის 90-იან წლებში კურდღლების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

დაბოლოს - რატომ არ ეკარებიან გარეულ კურდღელს?

სასოწარკვეთილმა ავსტრალიელებმა კურდღლებთან საბრძოლველად სხვა ვირუსების გამოყენება დაიწყეს, რასაც დღემდე აგრძელებენ, მაგრამ ამ მეთოდს არასასურველი შედეგებიც მოჰყვა...

კოღოებმა გარეული კურდღლებიდან ვირუსები ფერმის კურდღლებზე გადაიტანეს, ამიტომ ავსტრალიელებს მათი მუდმივი ვაქცინაცია უწევთ, რაც საკმაოდ ძვირია - დაახლოებით 40-50 დოლარი თითო აცრისთვის. შესაბამისად, ფერმის კურდღლების ხორცი ძალიან გაძვირდა.

რაც შეეხება გარეულ კურდღლებს, ავსტრალიელები მათ დავირუსებულ ხორცს ზიზღით უყურებენ და არ მიირთმევენ.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა