ნებისმიერი შეცდომა, უზუსტობა ან ტექნიკური პირობებიდან გადახვევა, საძიკვლების მდგრადობასა და ხანმედეგობაზე გავლენას ახდენს - ია მშვიდობაძე
სახლი საძირველიდან იწყება, ამიტომ შენობის ექსპლუატაციის ვადა და მდგრადობა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. როგორი უნდა იყოს ხარისხიანი და სწორად გაკეთებულ საძირკველი და როგორ ხდება პრობლემური საძირკველის გამაგრება? ამ თემებზე TIA.GE-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ია მშვიდობაძე ესაუბრა:
- საძირკველი შენობა-ნაგებობის ერთერთი ყველაზე ძირითადი და
საპასუხისმგებლო კონსტრუქციაა. ის არის ნაგებობის მიწისქვეშა ნაწილი, რომლის დანიშნულებაა ნაგებობის საკუთარი წონის და მასზე მოქმედი დატვირთვების გადაცემა ფუძე გრუნტზე. ამდენად, სანამ საძირკვლის ტიპსა და ჩაღრმავებას შევარჩევთ, უნდა მოხდეს იმ ფუძის კვლევა, რომელზედაც საძირკველი უნდა განთავსდეს.
აქვე გეტყვით, რომ ფუძე საძირკვლის ქვეშ მდებარე გრუნტის მასივს ეწოდება, რომელიც დატვირთვების ზეგავლენას განიცდის. განასხვავებენ ორი სახის ფუძეს: ბუნებრივს და ხელოვნურს. თუ გრუნტი, საძირკვლის ქვეშ, მის ბუნებრივ მდგომარეობაში გამოიყენება, მაშინ ფუძე ბუნებრივია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, გრუნტი საძირკვლის ქვეშ სუსტია, ამიტომ
მის სამშენებლო თვისებებს ამა თუ იმ წესით, წინასწარ აუმჯობესებენ. ამ შემთხვევაში საქმე ხელოვნურ ფუძესთან გვექნება.
_ როგორ ხდება შენობისთვის შესაფერისი საძირკველის შერჩევა?
_ ყოველი შენობის პროექტირებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, წინ უსწრებს სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც დგინდება უბნის გეოლოგიური პირობები. სწორედ ტერიტორიის გეოდინამიკისა და გრუნტების ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების შეფასების საფუძველზე ვახდენთ საძირკვლის სასურველი კონსტრუქციის შერჩევას. თანამედროვე მშენებლობაში საძირკვლების სხვადასხვა კონსტრუქცია გამოიყენება, რომელიც პირობითად, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა: მცირე ჩაღრმავების საძირკვლები ბუნებრივ ფუძეზე, მცირე ჩაღრმავების საძირკვლები ხელოვნურ ფუძეზე, ხიმინჯოვანი საძირკვლები და ღრმა საძირკვლები.
_ რით განსხვავდებიან ეს საძირკვლები ერთამანეთისგან?
_ მცირე ჩაღრმავების საძირკვლები ბუნებრივ ფუძეზე ისეთი საძირკვლებია, რომლებიც ღია ქვაბულებში ეწყობა. ჩაღრმავება შეიძლება 5-6 მ-მდე აღწევდეს. ამ ჯგუფს ეკუთვნის ზოლოვანი, წერტილოვანი, ფილოვანი და მასიური საძირკვლები. მცირე ჩაღრმავების საძირკვლები ხელოვნურ ფუძეზე ისეთი საძირკვლებია, რომლებიც წინასწარ გაუმჯობესებულ ფუძე გრუნტს ეყრდნობიან. ამ ჯგუფის საძირკვლებიც შეიძლება იყოს ზოლოვანი(ლენტური), წერტილოვანი და ფილოვანი. ხიმინჯოვანი საძირკვლები ისეთი საძირკვლებია, რომლებიც შედგებიან ხიმინჯებისა და როსტვერკისაგან (გერმ. Rost „გისოსი“ და Werk „ნაგებობა, სიმაგრე“). როსტვერკი ხიმინჯის თავებს ერთ მონოლითად აერთიანებს. ამ შემთხვევაში დატვირთვა მკვრივ გრუნტებს არა უშუალოდ საძირკვლის ძირით, არამედ ხიმინჯების საშუალებით გადაეცემა.
ხიმინჯებს ხიდებსა და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში იყენებენ. ის გამოიყენება, აგრეთვე, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაშიც.
ღრმა საძირკვლები ისეთი საძირკვლებია, რომლებიც ყალიბდებიან ან ჩაიშვებიან გრუნტში სპეციალური მოწყობილობების საშუალებით. მათ მიეკუთვნება ჩასაშვები ჭები, კესონები და გარსები. მათი ჩაღრმავება 5-6 მ-ს აღემატება. დატვირთვა ამ შემთხვევაში ფუძეს გადაეცემა როგორც ძირით, ისე გვერდითი პირეულით.
_ როდის და როგორ ხდება საძირკველის გამაგრება?
_ საძირკვლის გამაგრებისას უმთავრესია დადგინდეს დეფორმაციის გამომწვევი მიზეზები. ნებისმიერი შეცდომა, უზუსტობა ან ტექნიკური პირობებიდან გადახვევა, სულერთია, რომელ სტადიაში იქნა იგი დაშვებული, სამშენებლო მოედნის საინჟინრო გეოლოგიური კვლევის, ნაგებობის მშენებლობის, თუ ექსპლუატაციის პერიოდში, საბოლოოდ გავლენას ახდენს საძიკვლების მდგრადობასა და ხანმედეგობაზე. ნაგებობათა ფუძეების და საძირკვლების გაძლიერებისა და რეკონსტრუქციის აუცილებლობა ხშირად ნაკარნახევია
საექსპლუატაციო პირობების შეცვლით, არსებული საცხოვრებელი სახლების სართულიანობის გაზრდით, ან ფუძე-გრუნტების სიმტკიცის შემცირებით. მიწისქვეშა წყლების დონის აწევამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუძის დაუშვებელი დეფორმაციები, მაგალითად, დასველებასთან ერთად, მკვეთრად ეცემა მტვროვან-თიხოვანი გრუნტების მექანიკიური მახასიათებლები და ზიდვის უნარი, ადგილი აქვს ჩაჯდომას ფუძის დაუშვებელი დეფორმაციებით. მხოლოდ ამ
პირობების გარკვევის შემდეგ, შეიძლება შეირჩეს ერთობლივად ფუძისა და
საძირკვლის გაძლიერების ესა თუ ის წესი. ფუძეების გამაგრების ყველაზე
გავრცელებული მეთოდია მისი ცემენტაცია და დრენაჟის მოწყობა.
საძირკვლების გაძლიერების მრავალი ხერხი არსებობს, მათ შორის სიმარტივით გამოირჩევა და ამდანად ხელმისაწვდომია: საძირკვლების გაძლიერება ე.წ. გარსაცმის მოწყობით, ან არსებული საძირკვლის ძირის ქვეშ რკინაბეტონის ფილის შედგმით. ორივე მეთოდით საძირკვლების გაძლიერებისას აღწევენ საძირკვლის ძირის გაფართოებას. ამის შედეგად მცირდება ფუძეზე გადაცემული წნევები, და მაშასადამე, ნაგებობის მოსალოდნელი დაჯდომაც. თუ მტკიცე
გრუნტის ფენები პრაქტიკულად ხელმისაწვდომ სიღრმეზეა განლაგებული,
არსებული საძირკვლების გაძლიერების ვარიანტული გადაწყვეტისას შეიძლება განხილულ იქნას ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების ვარიანტი.
- გმადლობთ.