ფინეთი იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადას 40 წლამდე ზრდის
ფინეთი საბინაო ბაზრის აღორძინების მიზნით 1-ელი ივნისიდან იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადას 40 წლამდე გაახანგრძლივებს. თუმცა ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ეს ხალხისთვის მხოლოდ ვალის ტვირთს გაზრდის და საცხოვრებლის ფასების ზრდას გამოიწვევს - ამის შესახებ ინფორმაციას ERR ავრცელებს.
ქვეყანაში სამშენებლო სექტორი და საბინაო ბაზარი უკვე ოთხი წელია, სტაგნაციაშია. მაგალითად, წელს თვეში, საშუალოდ, 90-ზე ნაკლები ახალი სახლი იყიდება, მაშინ, როცა კრიზისამდე პიკურ პერიოდში, ანუ 2020 და 2021 წლებში გაყიდვები თვეში ათას ბინას აღწევდა. საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები დაეცა, მაგრამ საკმარისი მყიდველი მაინც არ ჩანს.
ფინეთის კომერციული ბანკის, S-Pankki-ს მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ფინელების 44% იპოთეკურ სესხს ეკონომიკურ რისკად მიიჩნევს. ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ ეს მაჩვენებელი 33%-ს შეადგენდა. მომხმარებელთა ნდობა სტაბილურად იკლებს. კერძოდ, ფინეთის სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, 1998 წლიდან, როცა ასეთი სტატისტიკის შეგროვება დაწყო, ახალი საცხოვრებლის შეძენას ყველაზე ცოტა ფინელი გეგმავს. ამასთან, ფინეთში უმუშევრობის დონე 10%-ს აჭარბებს, რაც გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.
სამშენებლო სექტორისა და საბინაო ბაზრის სტიმულირებისთვის, ასევე, საკუთარი სახლის შეძენის მხარდასაჭერად ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 30-დან 40 წლამდე გაზარდოს, ხოლო ახალგაზრდებისთვის პირველი საცხოვრებლის შეძენისას პირველადი შენატანი 10%-დან 5%-მდე შეამციროს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ სესხის ვადის გახანგრძლივება ყოველთვიური გადასახადის შემცირებას ხელს შეუწყობს, ის საბოლოოდ სესხის საერთო ღირებულებას ზრდის.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ სესხის ვადის გახანგრძლივებას საბინაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, რადგან “ოჯახები საკმაოდ კარგად აფასებენ საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს და მხოლოდ მათთვის შესაფერის სესხს იღებენ.“
ფინეთის ფინანსური სექტორის კომპანიების ქოლგა-ორგანიზაცია Finance Finlandia-ში, ასევე, აცხადებენ, რომ უფრო გრძელვადიან სესხებზე მოთხოვნა შესაძლოა, სუსტი იყოს, რადგან „ფინელებს სურთ, სესხი რაც შეიძლება, სწრაფად დაფარონ და მოთხოვნა უფრო მოკლევადიან სესხებზეა.“
Danske Bank-ი 40 წლამდე ვადით სესხების შეთავაზებას ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ უფრო ხანგრძლივი ვადის შედეგად ოჯახებს მეტი ფული ექნებათ როგორც ინვესტიციებისთვის, ასევე, მოხმარებისთვის, ეს კი ფინეთის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.
თუმცა ფინეთის ცენტრალური ბანკის კრიტიკული შეფასებით, “მართალია, ოჯახებს დაზოგვისა და ინვესტიციების ჩადების საშუალება მიეცემათ, რაც კარგია, მაგრამ ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ სესხის უფრო ხანგრძლივი დაფარვის პერიოდი იწვევს იმას, რომ ადამიანები უფრო დიდ სესხს იღებენ, საცხოვრებელი კი ძვირდება.“