"გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების ფართი ბოლო ათწლეულში თითქმის გაორმაგდა“ - როგორია გადანაწილება საფასო კატეგორიის მიხედვით
2025 წლის მდგომარეობით, თბილისში სულ 1.9 მლნ კვ.მ-ის საოფისე სივრცე იყო, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან.
კვლევის თანახმად, გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების წილი 19%-ს შეადგენდა, საკუთრებაში მყოფი ბიზნეს ცენტრების - 25%-ს, ოფისები კორპუსებში - 55%-ს, ხოლო „ქოვორქინგ“ სივრცეების წილი 1%-ის ფარგლებში იყო.
„გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების ფართი ბოლო ათწლეულში თითქმის გაორმაგდა და 2028 წლის ბოლოს დამატებით 28%-ით გაიზრდება; თბილისში არ არსებობს ცენტრალური ბიზნეს უბანი“, - აღნიშნულია კვლევაში.
რა წილი აქვთ უცხოელებს საოფისე ფართების იჯარაში?
ჯამში გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების ფართი 358 ათასი კვ.მ იყო. აქედან 98 ათასი კვ.მ ბიუჯეტურ ფართებზე მოდიოდა, 137 ათასი კვ.მ - საშუალო სეგმენტზე, ხოლო 124 ათასი კვ.მ - მაღალ კატეგორიაზე.
„მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში უცხოური კომპანიების მზარდი წილი მოთხოვნის ზრდაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, - ვკითხულობთ ბაზრის მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ბიუჯეტური კლასის ფართებში უცხოელი მოიჯარეების წილი 8%-ს შეადგენდა, საშუალო სეგმენტში - 24%-ს, ხოლო მაღალ სეგმენტში 67%-ს.