საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა, რადგან სკოლებმა შემცვლელები ვერ იპოვეს - გია მურღულია
საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილი, რომელიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სისტემიდან ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ გავიდა, სკოლებში ისევ დაბრუნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ სკოლებმა აღნიშნული პედაგოგების შემცვლელები ვერ იპოვეს.
მისივე თქმით, 5-6 წელიწადში, შესაძლოა, მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნას.
„ჩვენი სურვილია, რომ ახალ ხედვებს სკოლაში დახვდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ ახლებური ამოცანების კარგად გადაწყვეტას შეძლებენ, თუმცა ეს მარტივი ან ხანმოკლე პროცესი არ და ვერ იქნება. რომ დააკვირდეთ მასწავლებლების საშუალო ასაკს, 52-53 წელია. მართალია, წლების წინ, საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ დაბრუნდა უკან, იმიტომ, რომ სკოლებმა ვერ იპოვეს შემცვლელები. თავიდანვე იყო გათვალისწინებული, თუ კადრი გყავს, მიიღებ, მაგრამ სანამ იპოვი ამ კადრს, გყავდეს ძველი. მაინცდამაინც დიდი შედეგი ამან არ გამოიღო. 5-6 წელიწადში ჩვენ შეიძლება სერიოზული დეფიციტი გვქონდეს მთელი რიგი მიმართულებით. მასწავლებელთა მომზადების არსებული მასშტაბი, როგორც ჩანს, ჩვენი სრული საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ვიწყებ ლობირებას იმ აზრის, რომ საქართველოს შეიძლება სჭირდებოდეს პედაგოგიკური უნივერსიტეტი - ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს“, - განაცხადა მურღულიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი პედაგოგებისთვისაც, შესაბამისად, განსხვავებულ მოთხოვნებს ადგენს.
„უნივერსიტეტებმა მასწავლებლების მომზადების დროს ეს ახალი სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ და მოსამზადებელ პროგრამებში ასახონ. თქვენ ახლა ახალი სტანდარტი მისცეთ, ახალი სახელმძღვანელოები და მასწავლებლები კი ძველებური მიდგომით მოემზადონ, არასწორია“,- განაცხადა მურღულიამ.