როგორ დავეხმაროთ ბავშვს აირების დაგროვებისას
ჩვილებში კოლიკა არის დროებითი პერიოდი ბავშვების ცხოვრებაში 3 კვირიდან 3-4 თვემდე, რომელიც გადის როგორც მკურნალობით,
ასევე მის გარეშე, ვინაიდან ის არ არის დაავადება და, ფაქტობრივად, არ საჭიროებს მკურნალობას. მაგრამ ამ პერიოდში ბავშვის მიმართ გულგრილობა და ლოდინი შეუძლებელია, რადგან ბავშვი ტირის და საჭიროა როგორმე მისი დამშვიდება.
1. შეეცადეთ დროულად ამოიცნოთ ბავშვის მოთხოვნილებები (საკვები, სხეულებრივი კონტაქტი, საფენების გამოცვლა, კომუნიკაცია და ა.შ.), ე.ი. გაიგეთ და მიეცით მას ყველაფერი, რაც სურს, შეტევის დაწყებამდე და არა შეტევის დაწყების შემდეგ.
2. შეეცადეთ, რაც შეიძლება ახლოს იყოს ჩვილთან – აკოცეთ, აიყვანეთ ხელში უფრო ხშირად. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტხანს იქნება 3-4 თვემდე ბავშვი ხელში, მით უფრო თავდაჯერებული იქნება მომავალში.
3. გაუთბეთ ბავშვს მუცელი – ეს ხშირად ხელს უწყობს აირების გავლას და ამცირებს კოლიკის ინტენსივობას. გამოიყენეთ ცხელი უთოთი გაუთოებული თბილი საფენები, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი აბაზანები.
4. სცადეთ გამოიყენოთ ე.წ. „თეთრი ხმაური“ (ხმის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც ახასიათებს ერთგვაროვნება და ერთფეროვნება), სმარტფონის აპლიკაციები უკვე ხელმისაწვდომია ასეთი ხმების ჩასაწერად.
5. იმღერეთ იავნანა, ისაუბრეთ დაბალი და თანაბარი ხმით, შეეცადეთ იპოვოთ დამამშვიდებელი მელოდიები, რომლებიც მოგწონთ თქვენ და თქვენს პატარას.
6. დაეხმარეთ ბავშვს კვების დროს გადაყლაპული ჰაერის ამოშვებაში, ამისთვის დაიჭირეთ იგი ვერტიკალურად ან დახრილი (45° კუთხით მუცლის ქვემოთ) 10-15 წუთის განმავლობაში. კვებამდე და კოლიკის შეტევის დროს დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, სასურველია, ფეხები მუხლის სახსარში მოხრილი იყოს.
7. დაეხმარეთ თქვენს პატარას გაზების გამოშვებაში: აუწიეთ ფეხები მუცლამდე, შეგიძლიათ გაუკეთოთ მუცლის მასაჟი, თუმცა კოლიკის დროს ეს ძალიან პრობლემურია.
8. კოლიკების შესამსუბუქებლად გაზგამყვანი მილი ან ოყნა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა შესაძლო დამამშვიდებელი საშუალება არ მუშაობს და ბავშვის მუცელი კვლავ შებერილი და დაჭიმულია.
9. დაბოლოს, თქვენ გაქვთ სხვა, თითქმის უპრობლემოდ დამამშვიდებელი მეთოდი ყველა შემთხვევისთვის – ძუძუ. ძუძუს წოვა დამამშვიდებლად მოქმედებს პატარებზე. ასტიმულირებს პერისტალტიკას და ეხმარება ბავშვს გაზების გამოშვებაში.
10. კოლიკა არ არის საკვების შემცირების მიზეზი! რა თქმა უნდა, თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე პროდუქტის გამოყენებისას ბავშვის კოლიკა ძლიერდება – ეს პროდუქტი უნდა გამოირიცხოს ან მისი რაოდენობა და მიღების სიხშირე შემცირდეს.
11. თუ ბავშვი საკმარისად იმატებს წონას, ეს ნიშნავს, რომ რძე საკმარისია.
12. კოლიკა არ არის ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის მიზეზი! მაგრამ თუ თქვენ უკვე აჭმევთ ბავშვს ხელოვნურ საკვებს, შეგიძლიათ სცადოთ „კოლიკის საწინააღმდეგო“ სპეციალური საწოვარა, რომელიც ხელს უშლის ჰაერის გადაყლაპვას კვების დროს.
13. ხელოვნურ კვბაზე მყოფი ბავშვის კოლიკა არ არის მიზეზი, რომ ნარევი ყოველდღე შეცვალოთ! არ შეეცადოთ თავად შეცვალოთ ფორმულა, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან!
14. მიზანშეწონილია შემცირდეს კვებებს შორის ინტერვალები და შეამციროთ საკვების ერთჯერადი რაოდენობა, თავიდან აიცილოთ ძლიერი შიმშილი და კუჭის გადავსება.
15. დადასტურებულია, რომ კოლიკას ხელს უწყობს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოწევა, რადგან ნიკოტინი ნაწლავის სპაზმის პროვოცირებას ახდენს. ნუ მოწევთ და არც სხვა მწეველებს მისცეთ თქვენთან სიგარეტის მოწევის უფლება, რათა ბავშვმა არ ჩაისუნთქოს სიგარეტის კვამლი!
16. ეს დროებითი ფენომენია და ასაკთან ერთად გაივლის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვილების კოლიკა არ არის დაავადება, არამედ თვითგანკურნებადი მდგომარეობაა, რომელიც ქრება 3-4 თვის შემდეგ. კოლიკის შემსუბუქების მეთოდების ძიებაში ყველა ოჯახს (და ექიმს) უწევს ყოველ ჯერზე რთული გზის გავლა და მკურნალობის საკუთარი სტრატეგიის შემუშავება.
წყარო: მკურნალი.გე