თეგებით ძიება

მოსახლეობის 21% პრობლემის მოსაგვარებლად კრიმინალურ სუბკულტურას მიმართავდა - კვლევა

მოსახლეობის 21%, მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის/უსამართლობის შემთხვევაში, პრობლემის გადასაწყვეტად კრიმინალური სუბკულტურების წევრებს მიმართავდა, - ამის შესახებ კრიმინალური სუბკულტურებისა და დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ დამოკიდებულებებისა და განწყობების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა. 

კვლევა მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. 

როგორც კვლევის შედეგებით დადგინდა, გამოკითხულთა 16% მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა ან უსამართლობის შემთხვევაში პოლიციას არ შეატყობინებდა. ამასთან ერთად, თითქმის ყოველი მეხუთე რესპონდენტისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუ მოქალაქე პრობლემის მოსაგვარებლად ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართავდა.

"საზოგადოებაში ანტიკრიმინალური ცნობიერების მნიშვნელოვან ხარვეზზე მიუთითებს გამოკითხვის ის შედეგი, რომ ერთი მხრივ, რესპონდენტთა 16% მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში პოლიციას არ შეატყობინებდა; მეორე მხრივ, საერთო შერჩევის 21% მსგავს შემთხვევაში სიტუაციის მოსაგვარებლად კრიმინალური სუბკულტურის წევრებს მიმართავდა.

მართალია, რესპონდენტთა ძირითადი ნაწილი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა, თუმცა, დასახელებული წილი (ჯამში თითქმის 40%) საკმარისია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პოლიციისადმი შესაძლო უნდობლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კრიმინალური სუბკულტურების სერიოზულ გავლენაზე ვიმსჯელოთ.

ამას მოწმობს ისიც, რომ თითქმის ყოველი მეხუთე რესპონდენტისთვის (18%) მისაღებია, თუ ადამიანი მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში ქურდული სამყაროს წევრებს მიმართავს. ამასთან, მონაცემები გამოკვეთს, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მიმღებლობა დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია, რადგან იქ გამოკითხულთა მეოთხედი მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში სწორედ კრიმინალური სუბკულტურის წევრებს ჩააყენებდა საქმის კურსში (აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის გარდა) ასე მოიქცეოდა 14%);

ამავე ინდიკატორებზე დაყრდნობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში, სოფლებთან შედარებით, მეტად იკვეთება კრიმინალური სამყაროს გავლენა და მისი მიმღებლობა - საქალაქო ტიპის დასახლებებში (თბილისის ჩათვლით) რესპონდენტთა საშუალოდ მეხუთედისთვის მისაღებია, თუ ადამიანი, მის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის შემთხვევაში, ქურდული სამყაროს წევრებს მიმართავს (სოფლებში მაჩვენებელი 14%-მდე მცირდება).

ასაკის ჭრილში გამოიკვეთა, რომ 30-54 წლის რესპონდენტთა 21%-სთვის ჩაგვრის შემთხვევებში კრიმინალური სუბკულტურის წევრებისთვის მიმართვა მისაღებია, რაც სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 15-17 წლის - 15%, 18-29 წლის - 16%, 55-64 წლის - 16%, 65 წლის ან მეტის - 12%", - წერია კვლევაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა