როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზება შესაძლოა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.
მისი თქმით, პროექტი 5 ეტაპისგან შედგებოდა და მათგან 3 უკვე დასრულებულია.
„ამ მხრივ საქართველოდან მივიღეთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ახალქალაქის სადგურზე ბოლო ეტაპის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხოლო დარჩენილი სამუშაოების დასრულება 2 თვეში იგეგმება,“ - წერს რუსტამოვი.
მისი ცნობით, რკინიგზის სრული მოდერნიზაციისთვის სამუშაოების 95%-მდე უკვე შესრულებულია, „მიუხედავად ისეთი სირთულისა, როგორიც არის გარკვეულ მონაკვეთზე ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლესა და ზამთარში მინუს 30 გრადუს ტემპერატურაზე მუშაობა.“
„არსებობს ამბიციური მიზანი, ბთყ-ის გაფართოებული სიმძლავრის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დავასრულოთ. ეს ძალისხმევა არა მხოლოდ ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობისკენ, არამედ აძლიერებს აზერბაიჯანის, როგორც საკვანძო რგოლის როლს საერთაშორისო სატრანსპორტო ჯაჭვში,“ - წერს რუსტამოვი.
მისი შეფასებით, „პროექტი არა მხოლოდ 5 მილიონ ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა წელიწადში, არამედ გააძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო დეპარტამენტებს შორის ურთიერთმოქმედების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“
რუსტამოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბთყ-ის რკინიგზა, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ჩინეთიდან ევროპაში, ასევე, საპირისპირო მიმართულებით საქონლის ტრანსპორტირებისთვის უამრავ შესაძლებლობებს ქმნის და მიმდინარეობს მუშაობა ამ მარშრუტით უახლოეს თვეებში ევროპული და ჩინური ტვირთების საკმაოდ დიდი მოცულობის მიწოდებაზე.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სატრანზიტო ტვირთის მოცულობის გაზრდა იქნება,“ - წერს აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი.
ბთყ-ის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია და მისი საპროექტო შესაძლებლობების გაფართოება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. სიმძლავრის გაზრდის მიზნით სამი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე სამუშაოები ხუთ ეტაპად შესრულდა. საქართველოს მონაკვეთის გაფართოების პროექტში 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანმა განახორციელა.
ამჟამად ბთყ-ის რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 1 მილიონი ტონაა, რაც მოდერნიზების შემდეგ 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
ცნობისთვის: ბთყ-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა. ბთყ-ის რკინიზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია. ექსპლუატაციაში შესვლიდან, ანუ 2017-დან 2023 წლის სექტემბრამდე ბთყ-ის რკინიგზით 1,470 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.