Apple-ის AirPods-ებს საუბრის სინქრონული თარგმნის ფუნქცია დაემატება
Apple გეგმავს, AirPods-ის პროგრამული უზრუნველყოფა განაახლოს და მას საუბრების პირდაპირი თარგმნის ფუნქცია დაუმატოს, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, კომპანია AirPods-ყურსასმენებისთვის ახალ ფუნქციას ავითარებს, რომელიც შესაძლებელს გახდის, საუბრები რეალურ დროში თარგმნოს. ეს ფუნქცია პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ფართო განახლების ნაწილი იქნება, რაც წელს არის დაგეგმილი.
მართალია, Apple-ის მთარგმნელობითი აპლიკაცია iPhone-ზე 2020 წლიდან არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ხმის ამოცნობით სინქრონული თარგმნის ფუნქცია iOS 19-თან იქნება დაკავშირებული, რაც Apple-ის მობილური მოწყობილობებისთვის ოპერაციული სისტემის მოახლოებული განახლებაა.
ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მაგალითად, ისაუბრონ ინგლისურად და მოისმინონ ესპანური თარგმანი iPhone-ის საშუალებით, ან პირიქით, მომხმარებლისთვის ესპანური საუბარი სინქრონულად ინგლისურად თარგმნოს. კერძოდ, iPhone გადათარგმნის საუბარს და მონაცემებს AirPods-ს გადასცემს.
Bloomberg-ის თანახმად, მსგავსი შესაძლებლობები უკვე რამდენიმე წელია, Google Pixel Buds ყურსასმენებზე არის ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: 10 მარტს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ Apple წლის ბოლოსთვის iOS-ის, iPadOS-ისა და macOS-ის კარდინალურ განახლებას ამზადებს. ცვლილებები iOS 19-სა და iPadOS 19-ზე კოდური სახელწოდება Luck-ით, ხოლო macOS 16-ზე კოდური სახელწოდება Cheer-ით აისახება. Mac-ისთვის ეს 2020 წლიდან, ხოლო iPhone-ისთვის 2013 წლის შემდეგ ოპერაციული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება იქნება. საუბარია ხატულების, მენიუების, აპლიკაციების, ფანჯრებისა და სისტემის ღილაკების სტილის შეცვლაზე. ამასთან, კომპანიას მოწყობილობების მართვის გამარტივება სურს. განახლების მთავარი მიზანია, Apple-ის სხვადასხვა ოპერაციული სისტემა ერთმანეთის მსგავსი და ურთიერთშეთანხმებული იყოს. კორპორაციაში იმედოვნებენ, რომ ინტერფეისში ასეთი გარღვევა გაყიდვების შენელების შემდეგ მოთხოვნის გაზრდას ხელს შეუწყობს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი