8 მილიარდის მითვისებისთვის კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მანჰეტენის სასამართლომ, კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FTX-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, ფინანსური თაღლითობის ორგანიზებისთვის, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფრიდმა კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.
განაჩენის გამოცხადებამდე, მოსამართლე ლუის კაპლანის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ "ამ კაცს [ფრიდს] მომავალში რაიმე ძალიან ცუდის გაკეთება შეეძლება და ეს არ არის ტრივიალური რისკი." მოსამართლე ასევე, დაეთანხმა პროკურორების განცხადებას, რომ ფრიდს "სურდა ყოფილიყო უაღრესად, პოლიტიკურად გავლენიანი პიროვნება ამ ქვეყანაში", რამაც მისი ფინანსური დანაშაული გამოიწვია.
პატიმრობის გარდა, კაპლანმა ასევე ბრძანა 11,02 მილიარდი დოლარის ჩამორთმევა.
2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სემ ბენკმან-ფრიდის მეორე მსხვილი ბიზნესის აქტივები ძირითადად საკუთარი ბირჟის მიერვე გამოშვებული კრიპტოვალუტებისგან შედგება, რამდენიმე დღის შემდეგ, კომპანიის ღირებულება ნულს გაუტოლდა.