თეგებით ძიება

მასშტაბური აქცია რუსთაველზე: როგორ ითვლება ადამიანთა რაოდენობა? - Tia.ge-ს კალკულაცია

უკანასკნელი დღეებია პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატნალტიკურ კურსს. 17 აპრილს, დემონსტრანტთა რაოდენობა რეკორდული იყო. ზოგიერთმა ექსპერტმა შეაფასა ის, როგორც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი დემონსტრაცია. სხვადასხვა მონაცემებით დამსწრეთა რაოდენობა 20,000-დან (Moscow Times) 90,000-მდე მერყეობდა. საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ მოინდომა მაქსიმალურად ზუსტი ციფრი დაედო და ამისთვის "ჯეიკობსის მეთოდი" გამოვიყენეთ.

აქციების მონაწილეების დათვლისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია "ჯეიკობსის მეთოდი". "ჯეიკობსის მეთოდი" - 1960-იან წლებში ბერკლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა ჰერბერტ ჯეიკობსმა შეიმუშავა. მეთოდის თანახმად, აქციის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაში მომიტინგეთა სიმჭიდროვის მიხედვით ტერიტორია კვადრატებად იყოფა და მათზე მდგომი ადამიანთა რაოდენობით მიახლოებითი სურათი იდება (ცდომილება დაახ. 20%). პირობითად, ძალიან მაღალი სიმჭიდროვის 1 კვ.მ.-ზე 4 კაცი დგას, საშუალო სიმჭიდროვისას 3, შედარებით დაბალის დროს 2, ხოლო მეჩხერი/აქა-იქ დგომისას 1. ამ მეთოდის გამოყენებისთვის რუსთაველის გამზირის ტერიტორია, სადაც ხალხი იდგა უნდა გავზომოთ. ტელევიზიების მიერ დრონით გადარებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან თითქმის ოპერის თეატრამდე არიან თავმოყრილი.

კადრი "მთავარი არხიდან"

უშუალოდ პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, სადაც განთავსებული იყო სცენა და სიმჭიდროვე ყველაზე მაღალი იყო (4 კაცი/1 კვ.მ.) 5000 კვ.მ. ფართობისაა.

გამოდის მხოლოდ აქ 20,000 ადამიანი ყოფილა.

საშუალო სიმჭიდროვით ხალხი იდგა გიმნაზიის ეზოსა და მის წინ სავალ გზაზეც (3 კაცი/1კვ.მ.-ზე). ამ ტერიტორიის ფართობი 4000 კვ.მ.-ა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კი 12,000 ადამიანი იმყოფებოდა.

გამზირის ვრცელ მონაკვეთზე ოპერამდე, დაახლოებით 4500 კვ.მ. ფართობზე დაბალი სიმჭიდროვით (2 კაცი/1 კვ.მ.) 10,000-მდე ადამიანი იდგა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ 2500 კვ.მ. ფართობზე საშუალო სიმჭიდროვით (3 კაცი/1 კვ.მ.) დაახლოებით 7,000 მომიტინგე იყო.

გარდა ზემოთ ჩამოტვლილი ტერიტორიებისა, ადამიანთა ჯგუფები იდგნენ მიმდებარე ქუჩებსა და ქაშუეთის ეკლესიის გარშემო.

ფოტო: Georgia Today / ერეკლე ფოლადაშვილი

დასკვნა: გამოდის 17 აპრილის საპროტესტო აქციაზე "არა რუსულ კანონს!" დაახლოებით 50,000 ადამიანი იყო.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა