2023 წელს ღვინის გლობალური წარმოება რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა - კვლევა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კვლევის თანახმად, 2023 წელს ღვინის გლობალური წარმოება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ამის მიზეზი კლიმატური პირობების ცვლილებაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღმავალი ტენდენციის მიზეზი ამინდის ექსტრემალური პირობები, გვალვა და ხანძრებია.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ღვინის წარმოების შემცირების ერთადერთი მიზეზი არ არის, ის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაა - ვენახები ხშირად სწორედ ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომელთა მოსავლიანობაზეც კლიმატის ცვლილება ძლიერ ეფექტს ახდენს. გასულ წელს ასეთი ცვლილებები ღვინის მწარმოებელ უმსხვილეს რეგიონებს შეეხოთ.
კვლევის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის მასშტაბით ღვინის წარმოება 10%-ით შემცირდა, რაც საუკუნის დასაწყისიდან, რიგით მეორე ანტირეკორდია. ევროპის ზოგიერთ რეგიონში წარმოება წვიმიანმა სეზონებმა, ვენახის ობმა თუ წყალდიდობამ შეამცირა, სხვაგან კი, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, ყურძნის მოსავალზე გავლენა ხანგრძლივ გვალვას ჰქონდა.
იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის წარმოებაზე კლიმატურ პირობებს ყველაზე მასშტაბური შედეგი ჰქონდათ - წარმოება, წლიურად 23%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში უხვი ნალექი და წყალდიდობა გახდა.
წარმოება შემცირდა გერმანიაში, უნგრეთში, ავსტრიაში და ესპანეთშიც, სადაც 1995 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე რაოდენობის ღვინო აწარმოეს. 2022 წელთან შედარებით კი, გასულ წელს კლება 20% იყო.
ექსპერტები მწარმოებლებს აფრთხილებენ, რომ 2050 წლამდე რეგულარული და ხანგრძლივი გვალვები, შესაძლოა, “ახალ ნორმად” იქცეს, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში, თუ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო გეგმაზე მუშაობას ახლავე არ დავიწყებთ.
კვლევაში ნახსენებია ისიც, რომ წარმოებასთან ერთად, ღვინის მოხმარებაც ისტორიულ მინიმუმზეა, რაც ინფლაციითა და ჩინეთში ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება, რის გამოც ამ ქვეყანაში ღვინოზე მოთხოვნა დრამატულად შემცირდა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 50 წევრ ქვეყანასა და მსოფლიოს ვენახების 75%-ს ფარავს.
წყარო: bm.ge