თეგებით ძიება

„რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებსაც ავალდებულებს - თეონა აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს:

რუსული კანონის მესამე მოსმენა ანრი ოხანაშვილმა 67 წამში რომ ჩაატარა ხომ გახსოვთ? ჩვენ პოლიციის კორდონით დაგვაყოვნეს და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარით. ჰოდა მესამე მოსმენაზე დაემატა დრაკონული პუნქტი მონიტორინგის თავს, რაც ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ავალდებულებს მათ იუსტიციის სამინისტროსთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას პერსონალური მონაცემების კანონის მესამე მუხლის ბ ქვეპუნქტის თანახმად რაც არის:

ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება."

კანონში დაემატა 5 ათასი ლარი ჯარიმა ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარს.

კანონის პირველი,  მეორე და მესამე მუხლის 8 პუნქტი იხილეთ თვალსაჩინოებისთვის:

მუხლი 8. მონიტორინგი

პირველი მოსმენა

3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი

მეორე მოსმენა

3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.

მესამე მოსმენა

3. მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია - წერს აქუბარდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა