რუსეთმა თუ მოახერხა ჩვენი “ჩაკეტვა”, ამით ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება სამხრეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის აღდგენის პრობლემა - ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს:
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესში ფსონები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა, ან თუნდაც საკუთრივ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი.
საკმარისია დავხედოთ რუქას და ცხადი გახდება, რომ დღეს წყდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ბედი.
რუსეთმა თუ მოახერხა ჩვენი “ჩაკეტვა”, ამით ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება სამხრეთის მიმართულებით საბჭოთა კავშირის აღდგენის პრობლემა, თავისი ენერგეტიკული განზომილებით.
ამ თამაშში განსაკუთრებული როლი აქვს თურქეთს.
მთავარი კითხვაა - თურქეთი ამ სტრატეგიაში რუსეთის პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე?
თუ “3+3” სტრატეგია კიდევ აქტუალურია, უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთი და თურქეთი ერთად არიან. თუ არა, მაშინ ეს ქვეყანა უფრო ჩვენი დასავლური განვითარების სიტუაციური მოკავშირეა, ვიდრე მოწინააღმდეგე.
ამიტომ არის საქართველოში მიმდინარე პროცესი გლობალური მნიშვნელობის მოვლენა და სწორედ ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ დასავლეთთან ერთად, რათა არ შევიდეთ საბოლოოდ ისტორიულ ჩიხში, ხოლო ცივილიზებული სამყარო არ დადგეს სრულიად ახალი, უპერსპექტივო გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე - წერს ხუხაშვილი.