პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება და ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს
მაჰმუდ აბასი ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA ავრცელებს.
„ხალხთა თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა და პალესტინის სახელმწიფო იმ ქვეყნებს, რომლებსაც პალესტინის სახელმწიფო ჯერ კიდევ არ უღიარებიათ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება აღიარონ და გლობალური სისტემის მიმართ, რომელიც წესებსა და მსოფლიოს მოსახლეობის თანაბარ უფლებებზეა დაფუძნებული, ნდობა აღადგინონ“, - ნათქვამია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, ნორვეგიის, ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადეს. მათი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.