დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩვენ ვხედავთ კობახიძის საგარეო მოძრაობების ტრაექტორიას - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩვენ ვხედავთ კობახიძის საგარეო მოძრაობების ტრაექტორიას (სომხეთი,,აზერბაიჯაანი, თურქეთი, ირანი), საიდანაც შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები:
მაღალი ალბათობით, ჩვენმა ხელისუფლებამ კულისებში უკვე მისცა თანხმობა “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე. ეს არის ის შუალედური ალტერნატივა, რომლის გავლითაც ტრანზიტულად დააბრუნებენ ქვეყანას რუსეთის იმპერიაში.
იმისათვის, რომ გეგმის რეალიზაცია საჯაროდ დაიწყონ, უნდა მიიღონ კონსტიტუციური უმრავლესობა, რათა ამოიღონ კონსტიტუციიდან 78 მუხლი.
რაც შეეხება “3+3” ფორმატს - ეს ფორმატი რუსეთისთვის არის სტრატეგიული გეგმის მხოლოდ პირველი ეტაპი, რის შემდეგაც სავარაუდოდ დაიწყება მე-18 საუკუნის ბოლოს შექმნილი ვითარების მოდელირება, როდესაც “ერთმორწმუნე რუსეთში” დაგვანახეს ხსნა ოსმალეთისა და სპარსეთისაგან და ტრაქტატზე მოვაწერეთ ხელი.
ახლაც ასე დადგება საკითხი - დასავლეთისგან “მიტოვებულებს” რა გვირჩევნია - 3+3 ფორმატი თურქეთის, ირანის და რუსეთის ერთობლივი გავლენით, თუ “ერთმორწმუნე” რუსეთის ერთპიროვნული ქოლგა.
ანუ ისტორიის ფინალი მაღალი ალბათობით ტრაქტატი-2-ზე ხელმოწერაა… - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.