პანიკურ სიტუაციასა და აჟიოტაჟს კომერციული ბანკები ტეხენ.. ძვირად გაყიდიან დოლარს და იაფად იყიდიან - ნიკა შენგელია
„ეროვნულმა ბანკმა მეორეჯერ გამოიტანა 60 მილიონი და 48 მილიონ 700 გაყიდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ახლა არც ისე პანიკური სიტუაციაა. ამ პანიკურ სიტუაციასა და აჟიოტაჟს თავად კომერციული ბანკები ტეხენ" - ამ თემაზე რადიო „პალიტრას" გადაცემაში „თქვენი დრო" ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
მისი თქმით. პირველი საბოტაჟი ყოველთვის კომერციული ბანკების მხრიდან ეწყობა, ისინი ხელოვნურად აწყობენ ბუმს და ასეთი სიტუაციების სწორად გამოყენებით მოგებასაც იღებენ.
„ეროვნული ბანკის მესვეურებმა და მთავრობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ პირველი საბოტაჟი მოდის მაგათგან, სპეციალურად მოახდენენ ბუმს, როგორც მოხდა პირველი ნახტომისებური გაძვირებისას. ძვირად გაყიდიან დოლარს და იაფად იყიდიან. ეს სულ ხდებოდა საბანკო სისტემაში და ამის გამკითხავი არავინ არის. ეს სფერო ასეთი სიტუაციებით ყოველთვის მოგებული გამოდის" - აცხადებს ნიკა შენგელია.
„თუ ნახავთ ტექნიკური ანალიზის მიხედვით, რაც მოხდა 1 კვირის წინ დოლარის კურსზე. ეს გრაფიკები ყველა საშუალო კვადრატული გადახრიდან არის ამომხტარი. თითქოს ატომური ბომბი ჩამოვარდნილიყო საქართველოში. ეს არის სპეკულაციური გარიგებები, რაც მოხდა პირველი განცხადებების შემდეგ. დიახ, კურსი გაუფასურდებოდა ამ პოლიტიკური განცხადების გამო, მაგრამ კურსის გაუფასურებას აქვს თავისი ჩარჩო, და ამ ჩარჩოდან იყო ამოვარდნილი ძალიან.თითქოს ომი დაიწყო და გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, აი აქ „სცოდავენ" კომერციული ბანკები"
და ბოლოს, ნიკა შენგელია საბანკო სისტემის ზოგად მდგომარეობასაც შეეხო. მისი განცხადებით, უკვე წლებია სისტემა ოლიგოპოლიურია და ამის გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების მიღება არ ხდება.
„24 წელია ფაქტობრივად საშველი არ დაადგა ამ ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის დაშლას. როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი იყოს მეთვალყურე და მის რეგულაციაში შედიოდეს საბაზრო ფასიანი ქაღალდების რეგულირება. ამიტომ ხდება ეს სპეკულაციები, ამიტომ ვერ ვითარდებით, ამიტომ ვერ იზრდება რეალური ეკონომიკა" - თქვა მან.