თეგებით ძიება
04. 06. 2024 მსოფლიო

ჩინურ-რუსული გაზსადენის პროექტი ჩიხში შევიდა - მიზეზი ჩინეთის მოთხოვნებია

რუსულ-ჩინური გაზსადენის, Cила Сибири 2-ის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიზეზი ჩინეთის მოთხოვნებია, რომელსაც რუსული მხარე გაუმართლებლად მიიჩნევს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ვითარებაში გაცნობიერებულ 3 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამ წყაროების ცნობით, ჩინეთი გაზს პრაქტიკულად რუსეთის შიდა ფასებში ითხოვს. გარდა ამისა, მხარეები ვერ თანხმდებიან შესასყიდი გაზის მოცულობებზეც, რადგანაც ჩინეთი გაზსადენის საპროექტი სიმძლავრის (50 მრლდ კუბური მეტრი) მხოლოდ მცირე ნაწილის შესყიდვაზეა თანახმა. 

რუსეთი უკვე მრავალი წელია ცდილობს აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის შეთანხმებას, ეს მცდელობები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გაზპრომმა გასაღების მთავარი ბაზარი (ევროკავშირი) დაკარგა. 

გასაღების ბაზრის დაკარგვის ფონზე რუსული გაზის ექსპორტის მონოპოლისტმა გასული წელი რეკორდული 629 მილიარდი რუბლის ზარალით დაასრულა. 

რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გაზსადენის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან უახლოეს მომავალში შედგება, თუმცა Financial Times-ის წყაროები საპირისპიროზე მიანიშნებენ. წყაროების ცნობით, სწორედ ჩიხში შესული მოლაპარაკებები იყო მიზეზი რომლის გამოც პუტინის დელეგაციაში არ შედიოდა გაზპრომის დირექტორი, ალექსეი მილერი. 

გაზსადენის შესახებ შეთანხმება წყაროების ცნობით, პუტინის მიერ სი ძინფინგის წინაშე გაჟღერებული სამიდან ერთ-ერთი თხოვნა იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას ასევე სთხოვა ჩინური ბანკების გააქტიურება რუსეთში და უკრაინის მიერ შვეიცარიაში ორგანიზებულ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმა. 

გასულ კვირას ჩინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიის სამშვიდობო სამიტში. წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ჩინეთის ხელმძღვანელობა განიხილავს რამდენიმე ბანკის გამოყოფას, რომელიც რუსეთთან სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობას გაატარებს. 

მიუხედავად ამისა, წყაროების ცნობით, ჩინური ბანკების აქტიურობა ჯერჯერობით კვლავ ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთი ითხოვდა, ხოლო გაზსადენის შესახებ შესაძლო შეთანხმებას ისინი შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკის პოლიტიკის ცენტრის ცნობით, ჩინეთი საგრძნობლად ნაკლებს უხდის რუსულ გაზში, ვიდრე მის სხვა მიმწოდებლებს. მაგალითად მიანმარიდან მიღებული ერთი სითბური ერთეულის სანაცვლოდ ჩინეთი 10 დოლარს იხდის, უზბეკეთიდან 5 დოლარს, ხოლო რუსეთიდან მიღებული გაზის ფასი 4.4 დოლარია. შედარებისთვის იმავე მოცულობის გაზში რუსეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან 10 დოლარს იღებდა. 

გაზის ექსპორტირებისთვის ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტის არ არსებობა მკვეთრად ასუსტებს რუსეთის პოზიციებს მოლაპარაკებებში. 

"სავარაუდოა, რომ გაზპრომს მოუწევს დათანხმება ჩინეთის პირობებზე. ჩინეთი მიიჩნევს, რომ დრო მის მხარესაა, მათ აქვთ შესაძლებლობა შეთანხმება მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებზე შედგეს",- ამბობს გაზეთთან საუბარში ბერლინის კარნეგის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრ გაბუევი. 

გლობალური ენერგეტიკის პოლიტიკის ცენტრის გამოთვლებით 2030 წლისთვის ჩინეთის მოთხოვნა გაზზე 250 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რისი დაკმაყოფილებაც ქვეყანას უკვე არსებული მომარაგების ხაზებითაც შეუძლია. 

2040 წლისთვის სავარაუდოა, რომ ჯამური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩინეთს დაახლოებით 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი დაჭირდება. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდდა. ციმბირის ძალის მეორე გაზსადენის ამოქმედების შემთხვევაში კი ექსპორტის მაქსიმალური წლიური მოცულობა 98 მილიარდ კუბურ მეტრს არ გადააჭარბებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა