"სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, როცა ჩემი ოცნება ახდა“ - გურამ კაშია
„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი... ბოლო თამაშებში ისე მოხდა, რომ ჩემი ოცნება ასრულდა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ აღნიშნა BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ქართველების გამგზავრებამდე ჩაიწერა.
გურამ კაშიამ ინტერვიუში საბერძნეთთან ისტორიულ გამარჯვებაზე, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მიზნებსა და საკუთარ კარიერულ ოცნებაზე ისაუბრა.
„როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზნად დავისახე, მეთამაშა ეროვნულ გუნდში და მინიმუმ ერთ დიდ სანაკრებო ტურნირზე გავსულიყავი. 36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი... ბოლო თამაშებში ისე მოხდა, რომ ჩემი ოცნება ასრულდა. ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავე დროს, ვიცოდი, რომ მე ეს დავიმსახურე, ჩვენ დავიმსახურეთ. ვიგრძენი, რომ ჩემი კარიერის ყველაზე დიდ მიზანს მივაღწიე“, - ამბობს გურამ კაშია.
გურამ კაშიას თქმით, როდესაც ევროპის გასული ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველო მაკედონიასთან დამარცხდა, არ ეგონა, თუ ოცნებას ახდენას შეძლებდა.
„კიდევ ერთ შანსზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მივაღწევდით“, - ამბობს კაშია.
მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა, გუნდს სხვა სიურპრიზების შემოთავაზებაც შეუძლია.
„ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს (საბერძნეთთან გამარჯვება) მათთვის. ტიროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მთელი ღამე ტიროდნენ... ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა, ჩემს გუნდს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მეტი სიურპრიზების შემოთავაზებაც შეგვიძლია. დიახ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორც გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ ჩვენს ქვეყანას, თუ ჯგუფიდან გავალთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - ამბობს გურამ კაშია.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
მომდევნო თამაშს ეროვნული ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.