გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად პირებს მოუწევთ, ისრაელის არსებობის უფლება აღიარონ
27 ივნისიდან გერმანიის მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მოქალაქეობაზე განაცხადის გამკეთებელ პირებს მოუწევთ, ისრაელის არსებობის უფლება აღიარონ.
2021 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე ახალი განმცხადებლებისთვის მოსაცდელ ვადას ხუთ წლამდე შეამცირებდა. მანამდე, გერმანიაში პირველი თაობის მიგრანტებზე ორმაგი მოქალაქეობის გაცემა დაშვებული არ იყო.
თუმცა, 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში მზარდი ანტისემიტიზმისა და გახშირებული ანტისაიმიგრაციო მემარჯვენე რიტორიკის ფონზე, მთავრობამ მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა.
"ნებისმიერი, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და ძალისხმევას დებს, ახლა უფრო სწრაფად შეძლებს გერმანული პასპორტის მიღებას და აღარ მოუწევს, ძველ ეროვნებაზე უარის თქმით საკუთარ იდენტობაზე თქვან უარი". - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
"მაგრამ ასევე ცხადად ვაჩვენეთ: ნებისმიერი, ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, გერმანიის პასპორტს ვერ მიიღებს. ჩვენ ამ საკითხში სრულად გამჭვირვალე წითელი ხაზი გავავლეთ და ადრინდელთან შედარებით კანონი უფრო გავამკაცრეთ". - ამბობს ფრეზერი.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა 25 ივნისს დაადასტურა.
ტესტში ანტისემიტიზმის საკითხზე, ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებასა და გერმანიაში ებრაელების ცხოვრებაზე ახალი კითხვები დაემატა". - განაცხადა სამინისტრომ.
ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგალითად, საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში 1040-მდე ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის ცნობით, ამგვარი სამართალდარღვევებისთვის საფრანგეთში 486 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 102 უცხოელი იყო.