თეგებით ძიება

„ფეხბურთის ეიფორიაში ბევრ ისეთ ადამიანთან გამოვნახე საერთო, რომელიც პოლიტიკურად საპირისპირო ბანაკშია - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ფეხბურთის ეიფორიაში ბევრ ისეთ ადამიანთან გამოვნახე უნებურად და სიტუაციურად საერთო, რომელიც პოლიტიკურად საპირისპირო ბანაკშია. 

კომუნიკაციის სურვილს საერთო ინტერესი აჩენს.

იმათაც სჯერათ, რომ ჩვენ აქ და ახლა ერთი ინტერესი გვაქვს. 

ჯუნგლის კანონივითაა - "ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს"  - ერთი ინტერესი. 

დარწმუნებული ვარ, ხვდებით რასაც ვიძახი - პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, ქუჩაში გავარდნილებს ხომ არ გაინტერესებდათ სხვების პოლიტიკური გემოვნება? 

ერთად გიხაროდათ, ერთი გიხაროდათ - გამარჯვება გაერთიანებდათ. 

ეს არის საერთო, რეალური, ნაღდი მიზნის ძალა - მტრობას გავიწყებს და მიმართულებას გაძლევს საერთო მიზნისკენ, მიზნის მიღწევა საერთო სიხარულის ექსტაზში გაგდებს, მაგ დროს ყველა ენდობა ერთმანეთის სიხარულს, ყველამ იცის რომ ის ნაღდია. 

ახლა ვიტყვი საით მიმყავს. 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ნდობის კრიზისზე. 

ნდობის კრიზისი იგრძნობა ყველაფერში. 

ჩვენს შემთხვევაში, ეს სისტემური პრობლემაა. 

არსებული სისტემა არ იძლევა სტიმულს რომ ადამიანები საერთო მიზნის, ინტერესების გარშემო გაერთიანდნენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. 

ჩვენთან არ არსებობს რეალური თვითმმართველობა. 

ადამიანებს საკუთარი თავის განკარგვის ნება წართმეული აქვთ ცენტრის მიერ. ცენტრი, კი საკუთარი ძალაუფლების სამსახურში დგას და არა ხალხის ინტერესების. 

ჩვენი თავკომბალა სახელმწიფოს რადიკალური დეცენტრალიზაცია და სისტემის სუბსიდიარობის პრინციპზე აგება იმიტომაა აუცილებელი, რომ ყველაზე დაბალ და წვრილ დონეზეც, ადამიანები საკუთარ ბედს განკარგავდნენ და ამისთვის, საერთო მიზნების და ინტერესების გარშემო ერთიანდებოდნენ. 

საერთო მიზნების და ინტერესების გარშემო გაერთიანების და საერთო ძალისხმევის ტრადიცია ადამიანებს შორის ნდობას და ანგარიშვალდებულებას გააჩენს. 

ნდობა კი ჯანსაღი საზოგადოების აუცილებელი ატრიბუტია. 

იმისთვის რომ წინ წავიდეთ, ჩვენ გვჭირდება რომ ერთმანეთის ნდობა ვისწავლოთ. 

სიმართლე რომ ითქვას, ნდობის კრიზისი მთელ მსოფლიოშია დამდგარი და ელიტებს ძირი ყველგან გამოთხრილი აქვს, უბრალოდ იმას სულ სხვა ბუნება აქვს და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანწილად პოლიტიკის დემოკრატიზაციამ, ინტერნეტმა, ინფორმაციის მოგროვების, შენახვის და გავრცელების, კომუნიკაციის მეთოდების რადიკალურმა ცვლილებამ განაპირობა. 

ჩვენს შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი ტოტალიტარული წარსული და ცენტრალიზებული სისტემაა, მაგრამ ეს შეიძლება სასარგებლო იმ მხრივ აღმოჩნდეს, რომ პირდაპირ ინტერნეტის რეალობას მოვერგოთ, როცა სწორ სისტემას დავაფუძნებთ. 

მოკლედ, ფეხბურთიდან აქამდე მივედი - ლაივშიც იგივეს ვარაკრაკებდი დღეს.

საქართველოს და საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს! - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა