„ევროპეისკაია პრავდა“: გერმანია რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიის ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 10 მილიონი ევრო გადაურიცხოს უკრაინის მთავრობას რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრზე სვენია შულცეზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული თანხა სხვა ქვეყნებისა და დონორების მიერ გაწეულ დახმარებასთან ერთად საავადმყოფოს აღსადგენად და მისი ზამთრისთვის მომზადებაზე დაიხარჯება. საავადმყოფო გარემონტდება, სამკურნალო ოთახებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ფასადი მოპირკეთდება.
„ბავშვთა საავადმყოფოს განადგურება მიუთითებს იმაზე, თუ რა უმოწყალო და არაჰუმანურ ომს აწარმოებს რუსეთი. ჩვენ არ და ვერ შევეგუებით იმას, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უკრაინაში საავადმყოფო არ ჰქონდეთ. ჩვენ უკრაინის მთავრობას საავადმყოფოს რეკონსტრუქციის საქმეში მხარდაჭერა შევთავაზეთ“, - ციტირებს „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრს.
რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში 8 ივლისს მიიტანა. უკანასკნელი ინფორმაციით, თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. 170 ადამიანი კი დაშავდა.