გასაგები იყო, რომ ია-ვარდებით არ დამხვდებოდნენ, მაგრამ ასე ოპერატიულად თუ დაბლოკავდა კლანი საკითხს, არ მქონდა გათვლილი – კახა წიქარიშვილი
სისტემამ აირჩია ეს გზა თავის დასაცავად – ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ, – ამის შესახებ კახა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
„მე ვფიქრობ, რომის მოსამართლე მოქმედებდა არა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, არამედ მოქმედებს სისტემის სახელით. ასეთი ფორმა აარჩია კლანმა, რომელიც ჩვენს სასამართლოს სისტემაშია. კლანმა, რომელიც აკონტროლებს მართლმსაჯულებას. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ ემორჩილება კლანს, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ კონიუნქტურას ემორჩილება.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, მთლიანად ცვლის პროცესის მიმდინარეობას. მე ხვალიდან ვაპირებდი იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებას. ვაპირებდი განცხადებების გაკეთებას და ჩემი გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის. ჩემი მთავარი გეგმა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიტანო განსხვავებული ხმა. დღეს იქ განსხვავებული ხმა საერთოდ არ არის, არანაირი კამათი, დისკუსია საბჭოში არ ხდება, ყველა ერთ აზრზეა და ყველა ერთ გადაწყვეტილებას აძლევს ხმას. მე ვაპირებდი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას.
უკვე წლებია მე ძალიან მკვეთრად და მძაფრად ვარ დაპირისპირებული ამ ჯგუფთან. მაქვს არაერთი ნაშრომი, მაქვს არაერთი კვლევა, არაერთი მიმართვა,საპროტესტო აქცია ჩატარებული. ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ, გასაგები იყო, რომ რაღაც ზომებს მიიღებდნენ ჩემს საწინააღმდეგოდ, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასე სწრაფად და ოპერატიულად თუ დაბლოკავდა [კლანი] ამ საკითხს, ეს მეც არ მქონდა წინასწარ გათვლილი“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.