მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური აქციები დაიწყო
ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
კარაკასის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქამდე, ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ არჩევნებში 51%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მადურომ არჩევნები გააყალბა და მათმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა დამაჯერებლად, 73.2%-ით გაიმარჯვა.
არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ გონსალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვენესუელის ოპოზიცია სწორედ გონსალესის ირგვლივ გაერთიანდა იმედით, რომ მადუროს 11-წლიან მმართველობას დაასრულებდნენ.
შეკრებილი ხალხი სკანდირებდა: "თავისუფლება! თავისუფლება!".
ზოგიერთ უბანში მადუროს დიდი ზომის პოსტერები ჩამოხიეს და დაწვეს.
შეიარაღებული პოლიცია, სამხედროები და მემარცხენე შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მადუროს მხარეს დგანან, დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ და ქალაქის ცენტრში გზები გადაკეტეს.
მადურო ირწმუნება, რომ ოპოზიცია "ფაშისტურ და კონტრრევოლუციურ" სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს.
მადუროს პრეზიდენტად აღიარებაზე უარი თქვა არგენტინამ. პასუხად ბუენოს-აირესიდან ვენესუელამ დიპლომატები გამოიხმო. რეჟიმის დაგმობის განცხადებების გამო დიპლომატები გამოიხმეს ჩილედან, კოსტა-რიკიდან, პანამიდან, პერუდან, დომინიკის რესპუბლიკიდან და ურუგვაიდანაც.