ილიაუნის რექტორი, მეცნიერი ნინო დობორჯგინიძე: ევროპისკენ ჩვენი სვლის შეჩერება ყველაზე ძლიერ იმპერიებსაც არ შეუძლიათ
საქართველო ევროპის ძირძველი წარმომადგენელია და მას ევროპული ღირებულებების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილიც აქვს შეტანილი, ამიტომაც არაა გასაკვირი ბუნებრივ გარემოში ჩვენი დაბრუნების მუდმივი სწრაფვა.
ჩვენ თუ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ეს დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო, თუმცა, ისტორიიდან ცნობილია, რომ ეს ტენდენცია გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როცა საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ასევე, როცა ის საერთო რომაულ ცივილიზაციას ეზიარა.
ამ ფონზე ალბათ ლოგიკას მოკლებულია შეკითხვა: სად მივდივართ?..
საქართველო ისტორიულადაა ევროპა და ამიტომაც ბუნებრივად მივდიოდით იმ სივრცისკენ, საიდანაც მოვდივართ და სადაც ვიქნებოდით ყველაზე უფრო დაცულები. ეროვნული იდენტობა თუკი სადმეა შენარჩუნებული, ეს ევროკავშირია. ჩვენც, ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, ევროპის დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ევროპული ღირებულებებიდან უმთავრესი და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი უფლებები, თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სოციალურ- ეკონომიკური კეთილდღეობა, პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობა...
ევროპული და ქართული ღირებულებების იდენტობაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს ვესაუბრეთ, რომელიც გვეუბნება, რომ ისტორიული ევროპა ორ დიდ ფესვზე - ანტიკურობასა და ქრისტიანობაზე დგას, რაც იყო და არის ქართული ცივილიზაციის განმსაზღვრელი ფენომენალური ნაწილი.
- როგორც თეორეტიკოსები განმარტავენ, ისტორიული ევროპა ორ დიდ ფესვზე - ანტიკურობასა და ქრისტიანობაზე დგას. ზუსტად ეს ორი მნიშვნელოვანი ფესვია ქართული კულტურული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი, მათ შორის - თანამედროვე სახელმწიფოებრივი იდენტობისაც. ჩვენ ანტიკური ცივილიზაციის ნაწილიც ვიყავით და ქრისტიანულისაც. ეს ორი საფუძველი, რაზეც ისტორიული ევროპა დგას (ანტიკურობა და ქრისტიანობა), იყო და არის ქართული ცივილიზაციის განმსაზღვრელი მართლაც ფენომენალური ნაწილი. შორეული წარსულიდან რომ დავიწყოთ, როცა ჩვენი ისტორიის კონცეპტუალიზაცია მოხდა, პირველად ლეონტი მროველმა შეკრა ჩვენი ისტორია სამყაროს გაჩენიდან მე-11 საუკუნემდე. ის დაეფუძნა ერთი საწყისიდან წამოსული მრავალფეროვნების ღირებულებად აღიარებას. მავალფეროვნება და მასში ჰარმონია არის თანამედროვე და ისტორიული ევროპის გასაღებიც.
ლეონტი ამბობს: ჩვენ, ქართველები საიდან მოვედით? ჩვენ ვართ მრავალფეროვნების ნაწილიც და ამ მრავალფეროვნებას ვაღიარებთ ჩვენს ისტორიად. “იქ რომ განიყვნეს ენანი და ქვეყანანი ბაბილონს, ჩვენი წინაპარი თარგამოსი წამოვიდა და დაემკვიდრა კავკასიაში“. მაშინ ჩვენი წინაპარი ქართველი კი არ იყო, კავკასიელი იყო. “როცა აქ მოვიდა, მერე ქართლში ექუსი ენა აღირაცხებოდა და ეს ენანი იცოდეს ყოველთა დედათა და მამათა“.
ექვსი საერთო იდენტობა იყო ჩვენი რეგიონული იდენტობის შემდგენელი და მერე, როცა ქართლში ერთი ენის გარშემო შეიკრიბა ჩვენი ნათესავი, მას დაერქვა ქართველი. ლეონტი ამბობს, კაცობრიობის საწყისიდან “ჩვენი ნათესავის“ ისტორიის დასაწყისამდე ისტორია ერთიანია და ჩვენ ამ ერთიანობის და მრავალფეროვნების ნაწილი ვართ. ჩვენ მართლაც ვიზიარებდით იმ ისტორიული ევროპის ღირებულებებს, “ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ - ეს არის თანამედროვე ევროპის გასაღები, ეს არის ჩვენი ისტორია, რომელსაც, სამწუხაროდ, იმპერიული რუსეთის მიერ შემოთავაზებულმა ფსევდორელიგიურმა და ფსევდოტრადიციულმა კონცეფციამ დაგვაშორა, მერე 70 წლიანმა საბჭოთა იზოლაციამ. დღესაც გვიხდება ჩვენი დავიწყებული ისტორიული გზის გახსენება და ეს გზა სწორედ ევროპასთან ერთად მოდიოდა. სანამ ქართველი განსაზღვრავდა, პირველად გრიგოლ ხანძთელს ვათქმევინეთ, რა არის ქართლი და ვისი ნაწილი ვართ. გიორგი მერჩულე წერს: ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. აი, რა თქვა იოანე საბანისძემ: საქართველოა ქრისტიანული ევროპის ერთი შორიელი კიდე (ანუ დაშორებული ნაწილი), ხოლო ჩვენ - შორიელთა ამათ მკვიდრთა“. მართალია, ჩვენ დაშორებული ვართ იმ ცენტრს, რომლის გული არის აღმოსავლეთ, თუ დასავლეთ ევროპა, მაგრამ გვაქვს ყველაფერი ის, რაც იმ ცენტრს გააჩნია. ევროპული ისტორიის ნაწილობა ევროკავშირის მოტანილი კი არ არის, ჩვენი ისტორიული გზაა, რომლის გამრუდება იყო სწორედ საბჭოთა კავშირი“.
- ქალბატონ ნინოს რეჟისორ გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმის - “მე და ევროპა“-ს შეფასება ვთხოვეთ, რომლის პრეზენტაციაც ევროპის დღეს - 9 მაისს გაიმართა.
“ამ ფილმით ავტორს იმის თქმა სურდა, რომ ევროპა არა მარტო ჩვენი ისტორიის ნაწილი და არჩევანია, არამედ დღესაც ჩვენში ცხოვრობს, თითოეულ პატარა სოფელში, პატარა სახლში, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა სახლებისგან. ევროპა ცხოვრობდა ჩვენში იმ საბჭოთა პერიოდშიც, როცა დახშულ სამყაროში არ შეგვეძლო თავისუფალი კომუნიკაცია“, - გვეუბნება და დასძენს, რომ ჩვენს სვლას დასავლეთისკენ ვერაფერი, თვით დიდი იმპერიაც ვერ შეაკავებს.
- როცა ვლაპარაკობთ, რომ ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია და რომ გვაქვს საერთო ისტორიული წარსული, ღირებულებები და ა.შ. ადამიანსა და ისტორიას შორის მაინც დიდი დრო დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს როცა აჩვენებ ჩემს თემში, ჩემს ქალაქში ჩვენი კონკრეტული მეზობლის მაგალითზე, ამიტომ “მე და ევროპა“ არაჩვეულებრივი ფილმია. თანამედროვე ევროპა ხომ მრავალფეროვნებაზე და მის დანახვაზე, ჰარმონიის დანახვაზე დგას. სოფელში ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ყველაზე მეტად ადამიანი ამით ახერხებს, ამ ყველაფერთან ემოციური ბმა დაამყაროს. თუნდაც რაჭველი ასაკოვანი ადამიანების ისტორია ავიღოთ: ამბროლაურელი კოლექციონერის ნაამბობიდან ჩანს, რომ დიახ, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სული არასდროს ჩამქრალა ამ ქვეყანაში - თვით საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა ყველაფერი აკრძალული იყო, მათ ჰქონდათ არაფორმალური ქსელი, ისინი მსოფლიო მოქალაქეები იყვნენ და ასევე ელაპარაკებოდნენ დანარჩენ მსოფლიოს (როგორც დღეს ჩვენი შვილები ინტერნეტის მეშვეობით). ეს არის უნიკალური ეპიზოდი, თავისუფლების, დამოუკიდებლობის სული, რომელიც ყოველთვის ცოცხლობდა, იმ საბჭოთა კავშირის დროსაც და ამიტომაც გადავრჩით. “ლანჩხუთის“ არაჩვეულებრივი გოგონების ისტორია ავიღოთ, ფეხბურთს რომ თამაშობენ - ერთი შეხედვით ყველას რომ ეჩვენებოდა, ქალის ფეხბურთი სისულელეა, ახირებაა და მშობლები გოგონებს ამ სპორტზე არ უშვებდნენ, დღეს მათაც დაინახეს, რომ ეს ადამიანის თავისუფალი, ჯანსაღი მისწრაფებაა და არაფრის დემონიზება არ შეიძლება. ამ ფილმით ავტორს იმის თქმა სურდა, რომ ევროპა არა მარტო ჩვენი ისტორიის ნაწილი და არჩევანია, არამედ დღესაც ჩვენში ცხოვრობს, თითოეულ პატარა სოფელში, პატარა სახლში, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა სახლებისგან. ევროპა ცხოვრობდა ჩვენში ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, იმ საბჭოთა პერიოდში, როცა დახშულ სამყაროში არ შეგვეძლო თავისუფალი კომუნიკაცია. ეს ადამიანები ამას საბჭოთა პერიოდში ახერხებენ... სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცოცხალი ღირებულებების ჩვენება.
დასასრულ ვიტყოდი, რომ ჩვენს სვლას ევროპისკენ ვერაფერი შეაჩერებს. სსრკ-მ, რომელმაც სათითაოდ ჩარაზა ყველა კარი, მისი სურვილის და ნებართვის გარეშე ჩიტი რომ ვერ გადაიფრენდა, თავისუფლებისკენ სწრაფვა ვერ ჩაკლა, ადამიანები მაინც ახერხებდნენ თავისუფლების და თავისუფალი ნების რეალიზებას. ყველაზე ძლიერ იმპერიასაც კი არ შეუძლია მისი შეკავება. ამის ცოცხალი მაგალითებია ადამიანები - ახალგაზრდები, ხანში შესულები, რომლებმაც ამით იცხოვრეს სსრკ-ში. არაჩვეულებრივია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, რომლებიც თავისუფალი ნების, მრავალფეროვნების, თავისუფლების დაუოკებელი, შეუჩერებელი სურვილის კონკრეტული მაგალითებია, რომელთაც დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ“.
წყარო: Ambebi.ge