"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე
ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე ცოტა ხნის წინ ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემას სტუმრონდა, საკუთარ განვლილ არც ისე მარტივ გზაზე ისაუბრა. ილაპარაკა იმაზე, როგორ განიკურნა დაავადებისგან, რომელსაც წლები ებრძოდა, როგორ დაძლია დეპრესია, ადამიანების დაცინვა, სხვადასხვა დროს მასზე განხორციელებული თავდასხმებიც გაიხსენა... ამ თემებზე მას სხვა დროს თითქმის არც უსაუბრია და სრულიად სხვა ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე.
გიორგი ნაზრაიძეს ვთხოვეთ, ჩვენთვისაც მოეთხრო ის ამბები, რომელიც სხვადასხვა დროს მან გამოიარა...
- მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა. გამოიხატებოდა გულის წასვლით, კრუნჩხვებით, სხვა გამოვლინება არ ჰქონია. რომ მემართებოდა, რამდენიმე ადამიანი მაკავებდა... იმ პერიოდში ისე ხდებოდა, რომ სხვაგან გავდიოდი და ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია... ეს ყველაფერი 10-11 წელი გამიგრძელდა. ამის გამო ბევრი ცხოვრებისეული შეზღუდვა მქონდა... ყველაფერი კი 9-10 წლის ასაკში დაიწყო... იმ პერიოდში ჭავჭავაძეზე არსებობდა "ეპილეფსიის ფარული ცენტრი", სადაც სამკურნალოდ დავდიოდი.
- იმ შეტევას რა იწვევდა?
- შეიძლება მაგალითად, ვინმესთან მეჩხუბა, იმ ჩხუბში გამარჯვებული ვყოფილიყავი, მაგრამ 2 დღის შემდეგ შეტევა დამემართოდა. ზედმეტად რომ დავხარჯავდი ემოციას, იმას ორგანიზმი ვერ იტანდა და შესაბამისი რეაქციას ისე გამოხატავდა. შეტევა შეიძლება ყოველ დღეც ყოფილიყო. ის დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ემოციური დღე იყო. შესაძლოა უშუალოდ ემოციის გამოხატვისასაც მომხდარიყო...
- მედიკამენტოზურად მკურნალობდი?
- კი და ფსიქოლოგებთანაც ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ემოციები თვითონ უნდა მეკონტროლებინა, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ წამალი პრობლემას ვერ უშველიდა. წამლები კი ისეთი იყო, რომელიც ემოციურ ფონს მითიშავდა...
- და ეს ყველაფერი, წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა?
- კი. წამლებმა და ფსიქოლოგების კონსულტაციებმა გავლენა იქონია. ამასთან, გავიზარდე, ემოციების კონტროლი ასე თუ ისე დავიწყე და ეტაპობრივად ყველაფერი შეჩერდა.
- რამე ხომ არ დაგიტოვა?
- შფოთვები და გარკვეული შიში იმის, რომ არ განმეორებულიყო... მქონდა შეზღუდვები, რომ მარტო სიარული არ შემეძლო. ერთხელ მახსოვს, მეტროში დამემართა... იქ ერთი მოქაჩვა მახსოვს, მერე აღარაფერი და თვალი რომ გავახილე, მეტროს სივრცეში, ბაქანზე ვიწექი, ხალხი მყავდა გარშემო შემოხვეული. როგორც მათ მითხრეს, შეტევა ბაქანზე მდგარს დამეწყო და ლიანდაგებში რომ არ გადავვარდნილიყავი, ვიღაც უცხო პირმა გამომწია და მიშველა. მაშინ დაახლოებით მეცხრეკლასელი ვიყავი. მოკლედ, მოულოდნელად ხდებოდა ხოლმე, - შეიძლება ვმდგარიყავი, ვმჯდარიყავი და უცებ გავთიშულიყავი...
იყო ასეთი ფაქტიც, რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი და ერთხელ გამოსასვლელში დამემართა, რადგან ერთ-ერთმა კლიენტმა შეურაცხყოფა მომაყენა იმიტომ, რომ დროზე ვერ გამოვუცვალე საფერფლე. იმ წუთას ჩემი საქმიანობა, სამსახური არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა. კიდევ ბევრი რაღაცის გამოც მოვითმინე. გამოსასვლელში გამოვედი, თავი ხელში უნდა ამეყვანა და შეტევა დამწყო. შემდეგ მაჩვენეს კამერის ჩანაწერები, მძიმე სანახავი იყო. იატაკზე უგონოდ ვიწექი, გულყრა დამთავრებული იყო. იმ დროს იქ შემოვიდა ჩემი ერთი მეგობარი (მანამდე მეგონა, რომ მეგობარი იყო) გადამაბიჯა, საპირფარეშოში შევიდა, გამოვიდა, მადლობა, რომ მეორედ არ გადამომაბიჯა და ქვემოთ ჩავიდა.
მერე მომსახურე პერსონალს, დირექტორს უთხრა, რომ გიორგის აქვს ეს დაავადება და სამსახურიდან გავუშვათო. დირექტორი პირადად დამელაპარაკა, დამამშვიდა, ფული მომცა, წამლებში გამოიყენეო და იმ საქმიანობაში დამტოვა. ალბათ ეს არის ის, რაც ადამიანს ძალას გაძლევს. გეუბნება, რომ ხელი კი არ უნდა ჩაიქნიო, პირიქით უნდა გაძლიერდე. ასეთი პიროვნებების დამსახურებით არ გამიჩნდა ზიზღი ადამიანების მიმართ. თუმცა იმ პერიოდში ზიზღის და უნდობლობის მომენტი ბევრი იყო. იქიდან შინაგანად არაფერი დამრჩენია, ალბათ გადაფასებაც ეს არის.
- ე.ი. ხალხისგან სხვა დროსაც გიგრძნია ის, რომ თავს გარიდებდნენ?
- კი, მაგ დროს ბევრი მეგობარი ისეთს არ მიღებდა. ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა, ეშინოდა... ეს ყველაფერი კი ცხოვრებისეულ სხვადასხვა პრობლემას მიქმნიდა. იმედი მაქვს, რომ მას მერე საზოგადოებაში რაღაცები შეიცვალა და ასე აღარ იქცევიან. როცა ადამიანს დახმარება სჭირდება, გვერდით უნდა დაუდგე.
- მაგ დროს ვინ გედგა გვერდით?
- ჩემი ოჯახი და რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ზურგი არაერთმა შემაქცია...
- როგორც შევიტყვეთ, ტვინის შერყევაც ბევრჯერ გადაგიტანია...
- დაახლოებით 16-ჯერ. ბავშვობაში მოუსვენარი, ცელქი ბავშვი ვიყავი, ხან საიდანღაც ვვარდებოდი, ხან სად ვეცემოდი. სულ რაღაც მემართებოდა. ერთხელ რაღაცისთვის დაგვჭირდა და დოკუმენტებით დადასტურდა, რომ 16-ჯერ მქონია ტვინის შერყევა. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული საკმაოდ სერიოზული იყო. ერთხელ ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი მომხვდა, დავეცი და თავი ბორდიურს დავარტყი. ყოველ ჯერზე ამ ყველაფერს ახლდა გულისრევა, თავბრუსხვევა, სახლში წოლითი პერიოდები და ა.შ.
- ამბობ, რომ ერთხელ 4 პირი თავს დაგესხა... რა მოხდა?
- "ოცნების" მთავრობა ახალი მოსული იყო, მაღაზიიდან გამოვდიოდი და 4 პირი თავს დამესხა... მაშინ მანქანაში ბეისბოლის ბიტა მქონდა და იმან მიშველა. ამას იმას ვაბრალებ, რომ მაშინ სოცქსელებში ჩემს მწვავე შეფასებებს ვწერდი, რადგან "ოცნების" მთავრობაზე, ჩემი შეფასებები მქონდა... ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის 4 პირი ცდილობდა ჩემთვის რაღაც დაეშავებინა...
- წელს, ახალი წლის დღეებშიც მოხდა შენზე თავდასხმა...
- ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს რომ იჭერენ და სასამართლოებს უნიშნავენ, იმის გამო, რომ აქციებზე იყვნენ, დღემდე ჩემი სასამართლო არ ჩანიშნულა. საქმიდან ამოღებულია ყველანაირი მასალა, ამოცნობილია პირები, სახეები, ხელიც დადებულია, სასამართლოს გადაცემულია, მაგრამ არ ჩქარობენ. ის კადრებიც კი არის ამოღებული, სადაც ის პირები დანებით არიან შეიარაღებულები...
- რეალურად რა მოხდა?
- ახალი წლის დღეები იყო, მე და ჩემი მეგობრები რესტორანში ვისხედით. მანქანა ქვემოთ, ორბელიანზე გვყავდა გაჩერებული. რომ ჩავედით, იქ რამდენიმე დაჯგუფება დაგხვდა, ვიღაც ქალს მანქანა გაუტეხეს, იმ ქალბატონს ვეხმარებოდით, ინგლისურად ვუხსნიდით - ამას ეს პატარა ბავშვები აკეთებენ, პოლიცია გამოიძახეთ-თქო. ალბათ ეს მოისმინეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია და იყო შემოძახილები, რასაც მერე მოჰყვა ის ამბები... ჩემი დაკითხვის არაერთი სერია იყო, არაერთი გამოძიება... მაგ პერიოდში "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობდი და არხმა ყველანაირი გზით სცადა, ეს ამბავი მიეჩქმალა, ფაქტი ზედაპირულად გაშუქდა. არ მაძლევდნენ უფლებას, რომ სხვა ტელევიზიისთვის მიმეცა ექსკლუზივი...
- რეალურად იმ თავდასხმისას რამ გადაარჩინა?
- 2-მა გოგონამ, რომლებიც იქ იყვნენ. ისინი ყველანაირი გზით შეეცადნენ, თავისი ავტომობილით გადავერჩინეთ, მანქანა კი დაუზიანდათ, მაგრამ გვიშველეს. ასევე დამეხმარა იმის თქმა, რომ 112-ში დავრეკავდი და ისინი ნახავდნენ, რა მოუვიდოდათ. უკან იხევდნენ, მაგრამ ეს ის არ იყო, რომ გარბოდნენ. ჩემს ორ მეგობარს დანა ისე მოუქნიეს, მეგონა, მოკლავდნენ. ვიდეოკადრები ბევრ ინფორმაციას ინახავს და ბევრი მოწმეცაა.
- გიორგი, არაერთი რამ გაქვს გადატანილი და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დეპრესია ხომ არ გქონია?
- მქონდა... როცა 9 წლის განმავლობაში ისეთი შეტევა გემართება, რაზეც ვილაპარაკე, დეპრესიას ვერ გავექცეოდი. ამასთან, ადამიანები ზურგს რომ შეგაქცევენ იმის გამო, რომ ჯანმრთელობის რაღაც დროებითი პრობლემა გაქვს, შენი ოჯახი ამას განიცდის და ყველაფერს აკეთებს, რომ იმ მდგომარეობიდან გამოგიყვანოს. ეს შეიძლება ყოფილიყო ყველაზე მთავარი რამ, რის გამოც შეიძლება ჩავარდნილიყავი არა მარტო დეპრესიაში, არამედ საერთოდ სახლიდან არასოდეს აღარ გამოსულიყავი. ხელი ჩამექნია. ამიტომ, ვისაც დღეს რაღაც პრობლემა აქვს, უჭირს, ზურგს აქცევენ, დასცინიან...
მინდა, მათ მაგალითი მივცე, რომ არასოდეს არაფრის და არავის გამო ხელი არ ჩაიქნიონ. სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის არის რაღაც გამოსავალი და შველა შესაძლებელია... მაგრამ შველა არის ისევ შენს თავში. ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. ადამიანებს დეპრესიის მიზეზი ყოველთვის გვაქვს, როდესაც რაღაცაში არ გვიმართლებს, სამსახურებრივ საქმიანობაში თუ პირად ურთიერთობაში პრობლემებია, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ ახალი დღე თენდება და ყოველ დღეს აქვს ახალი შესაძლებლობა. მაინც მგონია, რომ უფალი არ მოგიტანს იმხელა განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ. ეს თვითონ უნდა დაიჯერო და ირწმუნო.
- ადრე გადაცემებში, სატელევიზიო შოუებში ძალიან ცხარე იყავი, გამოირჩეოდი მწვავე გამოსვლებით... იმ ყველაფერს ხომ არ ნანობ?
- კი, ადრე უფრო პირდაპირი ვიყავი და ყველა გადაცემაში ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დროთა განმავლობაში რასაც მივხვდი და რამაც შემცვალა ისაა, რომ მივხდი იმას, რომ ეს ყველაფერი რა ჩემი საქმეა?! ვინ მეკითხება, რომ ვიღაცის შემფასებლად თუ მასწავლებლად გამოვდივარ, ან ვიღაცას ვაკრიტიკებ?! რაც რადიკალურად ჩემში შეიცვალა, ესაა...
ეს არის ჩემი ცხოვრების დიდი სინანული და ახლა ამას ეტაპობრივად ვასწორებ. იმ პერიოდში, როცა ამას ვაკეთებდი, ყოფილა მუქარა ცნობილი ადამიანებისგან, მათი მეგობრებისგან, მაგრამ სერიოზულ გართულებამდე არასდროს მისულა. ბოლოს რაღაც მომენტში მივხვდი, რომ უნდა გავჩერდე. მხოლოდ ჩემი საქმე ვაკეთო. მოკლედ, ბევრი რამ იყო და იმ ბევრიდან ბევრი არასწორი. პირველ რიგში ალბათ ჩემს თავს ვავნებდი იმ ყველაფრით. არადა, რეალურად არ ვიყავი არც ცუდი და ბოროტი... ორ ათწლეულზე მეტია, ტელევიზიაში ვარ. აქამდე ჩემით მოვედი. სწორი იყო, თუ არასწორი, ეს ჩემი განვლილი გზაა... მოკლკედ, მაშინაც კი, როცა არ გყავს გავლენიანი ნათესავი, შეყვარებული, საყვარელი, მეუღლე, შეგიძლია რაღაცას მიაღწიო. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია.