"სააკაშვილისგან მივიღეთ შემოთავაზება – სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვა" - ბობოხიძე "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებაზე
პარტია “ევროპული საქართველო” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციას, ერთიანობას შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი 17 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობაზე გახდა ცნობილი. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ აღიშნული გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო გაერთიანების შეთავაზება:
"ყველაზე მეტად თუ რამე აჩენს კითხვის ნიშანს, ეს არის ჩემი მძიმე, რადიკალური პოზიციები იმ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უკვე შედგა და ფაქტი სახეზეა. ამიტომ, მე მაინც ალბათ მომიწევს განმარტებების გაკეთება ჩემი ამომრჩევლისთვის, რომელსაც შეიძლება გაუკვირდა და გარდა ამისა, მომიწევს ასევე განმარტება, ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოზიციაზე - აღმოჩნდა, რომ სიტყვა და საქმე პრაქტიკულად ერთმანეთს ემთხვეოდა.
[...] ვერაფერი წინასწარ გარანტირებული ვერ იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ სამ პოლიტიკურ ძალასთან ვერ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ერთდროულად. [...] მას შემდეგ, რაც ევროპულ საქართველოს ის მოგვივიდა, რაც მოგვივიდა, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. პრაქტიკულად წარმოუდგენელი და მავნებლობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში ცალკე, დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
გადავედით ახალ მდგომარეობაში, სარბიელზე არის 4 პოლიტიკური ბლოკი: გახარია, ლელო, ახლები და ნაციონალური მოძრაობა. გახარიასთან უბრალოდ არ წარმომიდგენია ბევრი მიზეზის გამო, ალბათ, მასაც ვერ წარმოუდგენელია ჩვენთან მუშაობა. დარჩა ლელო, ახლები და ნაციონალური მოძრაობა. ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ სამივედან ისმოდა მოწოდებები გაერთიანებაზე, პირველმა ორმა ვერ მიიღეს სწრაფად გადაწყვეტილება, მაშინ, როცა მესამე ბლოკისგან და მიხეილ სააკაშვილისგან პირიქით აღმოჩნდა შემოთავაზება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ჩემი მკვეთრი და მძიმე შეფასებები." თქვა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ტვ “პირველის” ეთერში.