“ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“ - „ქართული ოცნება“
მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მმართველი პარტია განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი, არჩევნებზე სახელისუფლებო ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.
“ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება.
4) არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.
ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა. საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.
2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.
რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.
გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.
შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.
მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.