თეგებით ძიება
21. 08. 2024 მსოფლიო

ალენ დელონის ოჯახი მსახიობის სურვილს - ძაღლის დაძინებას და მასთან ერთად დამარხვას - არ შეასრულებს

The Guardian-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ფრანგი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის შვილები არ შეასრულებენ მსახიობის სურვილს, რომ მის ძაღლს ევთანაზია გაუკეთონ და მასთან ერთად დამარხონ. დელონის შვილებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტის შემდეგ მიიღეს. 

როგორც ცნობილია, მსახიობს სურდა, რომ თავისი 10 წლის ბელგიური მოლინუა, სახელად ლუბო, "დაეძინებინათ" და, სოფელ დუშში [ლუარეში], საკუთარ სახლთან მდებარე სასაფლაოზე, მასთან ერთად დაემარხათ. თუმცა აქტივისტებმა ჯანმრთელი ცხოველის შესაძლო ევთანაზიის გამო შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ძაღლს სხვა ოჯახში დააბინავებდნენ.

„ლუბო იცოცხლებს!“ - განაცხადეს ცხოველთა უფლებადამცველებმა.

ბრიჯიტ ბარდოს ფონდის ინფორმაციით, დელონის ქალიშვილმა ანუჩკამ დაადასტურა, რომ ოჯახი ძაღლს ისევ მოუვლის.

„ანუჩკა დელონმა ახლახან დამირეკა და მითხრა, რომ ლუბო მისი ოჯახის ნაწილია და მათთან დარჩება. ძაღლს ევთანაზია არ გაუკეთდება“, - განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა.

დელონმა ლუბო თავშესაფრიდან 2014 წელს წაიყვანა. პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლა ბრულერიის ტყიან ტერიტორიაზე, მსახიობმა საკუთარ სახლთან მდებარე სასაფლაოზე სამლოცველო მოაწყო, სადაც, სულ მცირე, 35 ძაღლის ნაშთია მოთავსებული. სამლოცველოსთან შეკრებილმა დელონის სამმა შვილმა, ენტონიმ, ანუშკამ და ალენ-ფაბიენმა, განაცხადეს, რომ „მამა, მათ გვერდით, მშვიდად გარდაიცვალა“.

„ალენ-ფაბიენი, ანუშკა, ენტონი, ასევე ლუბო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ მამის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია დელონების ერთობლივ განცხადებაში.

"ის ჩემი სიცოცხლის ბოლო წლებში შენაძენი ძაღლია... მე ის შვილივით მიყვარს. 50 ძაღლი მყოლია, თუმცა ეს ძაღლი ჩემთვის განსაკუთრებულია. ვენატრები ხოლმე, როცა მასთან არ ვარ. თუ მე მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, ერთად წაგვიყვანოს. ის ჩემს ხელებში დააძინებს. მირჩევნია ასე მოვიქცე, ვიდრე ვიცოდე, რომ ლუბო ჩემს საფლავზე უზომო ტანჯვით მოკვდება", - განუცხადა დელონმა Paris Match-ს 2018 წელს. 

1996 წელს, სატელევიზიო ინტერვიუში, კითხვაზე, რომელ ცხოველს აირჩევდა რეინკარნაციისთვის, ალენ დელონმა უყოყმანოდ უპასუხა: „მოლინუას“.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში არ არსებობს კანონი, რომელიც მეპატრონეებს ცხოველების „დაძინებას“ უკრძალავს, თუმცა ინდივიდუალური ვეტერინარის გადასაწყვეტია, დააკმაყოფილონ თუ არა მეპატრონეთა სურვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა