თეგებით ძიება

როგორ გადავუღოთ ბინას კარგი ფოტოები? - საინტერესო რჩევები

ბინის ფოტოების გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების მიზნით. იმისთვის, რომ ფოტოები პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: განათება, კომპოზიცია, აღჭურვილობის სწორად გამოყენება და ფოტოს გადაღების ტექნიკა.

მოგიმზადეთ რამდენიმე რჩევა, როგორ გადაუღოთ ბინას კარგი ფოტოები:

პირველ რიგში, მოაწესრიგეთ ბინა

გაიტანეთ ოთახებიდან ზედმეტი ნივთები, რომლებიც შესაძლოა გედოთ შესამჩნევ ადგილას. მოაწესრიგეთ სამზარეულო, აბაზანა... გადახედეთ, ხომ არ დევს უწესრიგოდ რაიმე პირადი ნივთი, საკანცელარიო ნივთები, ყუთები და ა.შ. კედლებიდან ჩამოხსენით და მაგიდებიდან აიღეთ ოჯახის წევრთა ფოტოები, რადგან მყიდველს ბინის ყიდვა უნდა და არა ბინის მფლობელთა ისტორიის.

დატოვეთ მხოლოდ ავეჯი და ინტერიერის ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენს ბინაში სიმყუდროვისა და ესთეტიურობის ატმოსფეროს ქმნის. ეს შეიძლება იყოს საყვავილე, ფერადი ჟურნალები მაგიდაზე, დივნის კუთხეში ლამაზად მიფარებული პლედი და ა.შ. მთავარია ამ შემთხვევაშიც ზომიერება დაიცვათ და არ „გადაამლაშოთ“.

არ დაგავიწყდეთ აივანი, რადგან ბევრი ამ ადგილს სათავსოდ იყენებს და ბევრი გამოუსადეგარი ნივთებით აქვს გადავსებული. ამიტომ პირველ რიგში გაათავისუფლეთ იგი ზედმეტი ნივთებისგან, თუნდაც მხოლოდ ფოტოების გადაღების პროცესში.

შეარჩიეთ სწორი დრო გადაღებისთვის

ყველაზე კარგია ბუნებრივი განათება, ამიტომ გადაღებისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ როცა ბინას მზე ადგება. მოღრუბლულ ან წვიმიან ამინდებში უმჯობესია თავი შეიკავოთ გადაღებისგან.

ყველაზე კარგი დროა: ზაფხულში - გათენებიდადნ 2-3 საათის შემდეგ და დაბნელებამდე ამდენივე დროით ადრე. ზამთარში: 12:00-13:00 საათი.

თუ ოთახში, სხვადასხვა მიზეზების გამო, მზის შუქი ვერ აღწევს, მაშინ უმჯობესია ხელოვნური განათება გამოიყენოთ და ჩამოაფაროთ ფარდები. თუმცა ფარდები არ უნდა იყოს სქელი და უხეში, პირიქით - მათი ჰაეროვანი სტრუქტურა და ნათელი ფერი ოთახს დამატებით სინათლეს და სიმშვიდეს უნდა ანიჭებდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური განათება უმჯობესია იყოს თბილი და ყვითელი.

ვიწყებთ გადაღებას

უკვე შეგვიძლია გადაღების დაწყება. ამისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებული აპარატის გამოყენება - საკმარისია გვქონდეს რომელიმე სმარტფონი ხარისხიანი კამერით და საქმეს შევუდგეთ:

1. დავაყენოთ კამერა - გადაღების დაწყებამდე კარგად გაწმინდეთ კამერა. მჭიდროდ დაამაგრეთ იგი შტატივზე, რათა არ მოძრაობდეს ან არ იყოს ასიმეტრიულად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტოები გამოვა დაბლარული და გადახრილი. შტატივის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მყარი ზედაპირი (მაგიდა, სკამი), რომელიც შესაბამის სიმაღლესა და დაშორებაზე იქნება განთავსებული. ასევე გაასწორეთ ფოტოს მონაცემები ტელეფონის პარამეტრებში, ეს კიდევ უფრო გაგიადვილებთ პროცესს.

2. გადაიღეთ სტანდარტულ რეჟიმში - ნუ გამოიყენებთ ფილტრებსა და სხვადასხვა რეჟიმებს. ფოტოებზე ბინა მაქსიმალურად ისეთი უნდა ჩანდეს, როგორც რეალობაშია.

3. შევარჩიოთ რაკურსი და დავაყენოთ კადრი - მყიდველს აინტერესებს ბინის მდგომარეობა და ფართი - ამის ჩვენება შესაძლებელია საერთო მასშტაბით, რადგან ფოტოები სადაც მხოლოდ სავარძელი ან კარადა ჩანს, ვერ შექმნის სრულ შთაბეჭდილებას ბინის შესახებ.

იმისთვის, რომ კადრში მეტი სივრცე ჩაეტიოს, დადექით ოთახის კუთხეში და გადაიღეთ ჰორიზონტალური ფოტოები. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით გამოდგება პატარა ბინებისთვის, რათა სივრცე, უფრო დიდი გამოჩნდეს.

კამერა იატაკიდან 120-130 სმ-ზე უნდა იყოს დამაგრებული. თუმცა შეგიძლიათ ზოგ შემთხვევაში კამერა თვალის სიმაღლეზეც აიტანოთ, მაგალითად: მაღალი ჭერის სადემონსტრაციოდ... რაც შეეხება ძალიან პატარა ოთახებს, როგორიცაა აბაზანა - უმჯობესია ზემოდან გადაიღოთ, სხვა შემთხვევაში კადრში მის ჩატევას ვერ მოახერხებთ.

ფოტოების გადაღებისას ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მნიშვნელოვანი ნივთები კადრს მიღმა არ დარცეს. მაგალითად: საძინებელში - საწოლი, მისაღებში - მისაღების გარნიტური და ა.შ. არ მოახვედროთ კადრში ადამიანები და ეცადეთ მოერიდოთ სარკეებს, რათა თავადაც ფოტოზე არ „აღმოჩნდეთ“.

იმ შემთხვევაში თუ ბინას რაიმე განსაკუთრებული აქვს, რაც მიიზიდავს მყიდველს (ეს შეიძლება იყოს მაღალი ჭერი, ჩაშენებული ავეჯი, ლამაზი ხედი ფანჯრიდან და ა.შ.), ის ცალკე ფოტოდ გადაიღეთ. ასევე შეგიძლიათ ცალკე, ან საერთო მასშტაბით გადაიღოთ დეკორის ელემენტები - როგორიცაა, ლამაზი ტექსტილი, ავეჯი, სანათები და ა.შ.

გარდა ბინისა და აივნისა, მნიშვნელოვანია გადაიღოთ სადარბაზო, ჰოლი, მთლიანად შენობა და ტერიტორია შენობასთან, რათა მყიდველს შეექმნას ზუსტი წარმოდგენა ობიექტის შესახებ.

შევარჩიოთ ფოტოები

რამდენი ფოტო უნდა იყოს განცხადებაში? - სასურველია მსგავს განცხადებაში თითო ოთახის 2 ფოტო მაინც იდოს, ხოლო შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, ხედისა თუ დეკორის ელემენტების თითო ფოტოც საკმარისია. 

საჭიროა თუ არა ფოტოების დამუშავება?

არავითარ შემთხვევაში არ დაადოთ ფოტოს ფილტრები. ეს პირიქით - ბინის ნახვისას პრობლემას შექმნის და პოტენციურ მყიდველს იმედგაცრუებულს დატოვებს.

ერთადერთი რაც შეგიძლიათ ამ დროს მოიმოქმედოთ - დაამუშავოთ ფოტოები ფოტორედაქტორში - გაასწოროთ ზომაში, მოჭრათ არასასურველი ნაწილები და ა.შ.

წარმატებებს გისურვებთ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა