ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა - ზელენსკი (ვიდეო)
"ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ ვიდეო სუმის რეგიონიდან, რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაწერა.
"913 დღის წინ, კერძოდ, სუმის რეგიონის გავლით, რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი დაიწყო. მან დაარღვია არა მხოლოდ სუვერენული საზღვრები, არამედ სისასტიკის საზღვრები. დაუსრულებლად ისწრაფვის ერთი რამისკენ - ჩვენი განადგურებისკენ.
დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“,- აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციის დაწყებით მსოფლიო გააოცა.
"33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში: „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დედამიწაზე, სადაც ცისფერ-ყვითელი დროშა უნდა იყოს, ნაცრისფერ ზონად იქცეს. ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან, ვინც გამუდმებით ყველას წითელი ღილაკით ემუქრება, ვერ გვიკარნახებს თავის წითელ ხაზებს მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, რა გზა უნდა გაიარო, რადგან ასე მუშაობს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.