ხარკოვში დააკავეს მოხალისე, რომელიც რუსეთს უკრაინული შეიარაღების შესახებ მონაცემებს აწვდიდა
ხარკოვში გამოააშკარავეს რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებისა და პატრიოტის სისტემების ადგილმდებარეობის შესახებ რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაციას აგროვებდა.
გამოძიების თანახმად, ხარკოვის მკვიდრი, რომელიც ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის ქსელის მძღოლად მუშაობდა, 2024 წლის აპრილში რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) ტელეგრამის მეშვეობით დაუკავშირდა. მამაკაცი რუსეთის წარმომადგენლებისთვის დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად უკრაინის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას დათანხმდა.
ბრალდებული ინფორმაციის შესაგროვებლად სამსახურის მანქანით, ვითომ სამსახურებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, ხარკოვის ტერიტორიაზე მოძრაობდა და ფარულად აგროვებდა ინფორმაციას უკრაინის ჯარისკაცებისა და სამხედრო შეიარაღების ადგილმდებარეობის შესახებ.
მამაკაცი ასევე ცდილობდა პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
მოპოვებულ ინფორმაციას ბრალდებული რუსეთის წარმომადგენელს ტელეგრამის პირად მიმოწერაში აწვდიდა. როგორც უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რუსეთის ფედერაციას ეს მონაცემები ზუსტი თავდასხმების განსახორციელებლად სჭირდებოდა.
ბრალდებული მამაკაცი რუსეთს ინფორმაციას სრულიად მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე აწვდიდა.
წყარო: ტაბულა