თეგებით ძიება
06. 09. 2024 მსოფლიო

ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმის ყველა პუნქტში დანაშაული აღიარა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე წაყენებული ბრალი აღიარა.

როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, ჰანტერ ბაიდენმა დანაშაული საქმის ყველა პუნქტში აღიარა, მას 15 წლამდე პატიმრობა და ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრება.

ჯო ბაიდენის უმცროსი შვილის განცხადებით, მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ოჯახი კიდევ ერთი მტკივნეული სისხლის სამართლის პროცესისგან დაეცვა.

ჰანტერ ბაიდენის გადაწყვეტილება მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი უნდა დაწყებულიყო.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ვაჟს 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

როგორც Associated Press-ი წერს, მოსალოდნელი იყო, რომ საგადასახადო ბრალდებებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის დროს გამოვლენილიყო პოტენციურად შოკის მომგვრელი მტკიცებულებები და დეტალები ჰანტერ ბაიდენის საზღვარგარეთ წარმოებული ბიზნესგარიგებების შესახებ, რასაც რესპუბლიკული პარტია წინასაარჩევნოდ ბაიდენების ოჯახის კორუმპირებულად წარმოსაჩენად გამოიყენებდა.

„მე აღარ მივაყენებ ჩემს ოჯახს მეტ ტკივილს, არ გავხდები მათ პირად ცხოვრებაში შეჭრის და უსარგებლო შერცხვენის მიზეზი“, – განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა დანაშაულის აღიარების შემდეგ.

ბრალდების მიხედვით, 2016-დან 2020 წლამდე პერიოდში ბაიდენის უმცროსმა შვილმა მიიღო 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი საზღვარგარეთ წარმოებული ბიზნესგარიგებებიდან, მათ შორის, უკრაინული გაზის კომპანია „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის და ჩინურ საინვესტიციო ფონდში მუშაობისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი „ხარჯავდა მილიონობით დოლარს ექსტრავაგანტური ცხოვრების წესზე, ნაცვლად იმისა, რომ საგადასახადო ანგარიშები გაესწორებინა“.

ჰანტერ ბაიდენის მიერ ბრალის აღიარების შემდეგ განაჩენს მოსამართლე 16 დეკემბერს გამოაცხადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა