“არ ჩაულაგოთ ჩანთა და ნუ უქებთ სკოლას” – პირველკლასელთა მშობლების 5 მთავარი შეცდომა
პირველი კლასი არა მხოლოდ ბავშვისთვის, მშობლებისთვისაც გამოწვევაა. შესაბამისად, შეცდომებისგანაც არავინაა დაზღვეული. წარმოგიდგენთ პირველკლასელთა მშობლების 5 ყველაზე ხშირ შეცდომას.
ჩანთის ჩალაგება ბავშვის მაგივრად
თავიდან შეიძლება მხოლოდ დაეხმაროთ. „მიყუროს და თანდათან ისწავლისო“ – ასე ფიქრი შეცდომაა. ყველა უნარი პრაქტიკით გამომუშავდება. ბავშვმა თავად უნდა ჩაალაგოს ჩანთა, თქვენ, უბრალოდ, გზადაგზა საჭირო შეკითხვებით ეხმარებით: „ხომ არაფერი გრჩება?“, ხატვის გაკეთველისთვის რა დაგჭირდება?“, „მოდი, შევამოწმოთ, ყველაფერი ჩადე თუ არა.“
თუ სკოლის ჩანთა ბავშვის ხელში მხოლოდ კლასში შესვლის წინ აღმოჩნდება, ეს უკვე ნორმად იქცევა. ის ჩანთას, როგორც პირად პასუხისმგებლობას, აღარასოდეს აღიქვამს. ჯობია, თავიდან მიეჩვიოს, რომ მასზეა ჩანთის ჩალაგება დამოკიდებული.
სკოლის ზედმეტი ქება
როცა სკოლაში შესვლამდე არწმუნებთ, რომ სკოლაში ყოველთვის მხიარულებაა და საინტერესოა იქ ყოფნა, მას იმედგაცრუებისთვის წირავთ. იმისთვის, რომ სკოლაში კარგი განწყობით წავიდეს, მშობლები სრულიად არარეალურ სურათს უხატავენ შვილებს და იქაურობას საოცნებო ადგილად უსახავენ. პირდებიან, რომ ბევრ ახალ მეგობარს გაიჩენს.
სინამდვილეში სკოლაში ყველა მაშინვე ვერ იჩენს მეგობრებს. სიტუაციაც სკოლაში ხან მხიარულია, ხან დამღლელი და მოსაწყენი. თუ ბავშვი დაიჩივლებს, რომ გაკვეთილი მოსაწყენი იყო და ამ დროს დედა ეტყვის: „რას ამბობს, რამდენ ახალ რამეს იგებ, მოსაწყენი კი არა, ძალიან საინტერესოა“, დედა-შვილს შორის კომუნიკაცია ირღვევა. ბავშვი ასკვნის, რომ მისი არ ესმით. ასე რომ, ნუ გააუფასურებთ მის შეხედულებებს და სერიოზულად აღიქვით მისი შთაბეჭდილებები.