ვფიქრობ, რომ უკრაინაში კონფლიქტი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება - ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რთული სათქმელია, როდის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ ვლადიმირ პუტინს შეუძლია სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანით.
„რაც შეეხება იმას, არის თუ არა გამარჯვება მიღწევადი, კიდევ ერთხელ, მე მივიჩნევ, რომ ეს ომი შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს, თუ პუტინი გადაწყვეტს ჯარების გაყვანას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მე ვამბობ, რომ ეს [ომი] პუტინმა დაიწყო და პუტინს შეუძლია ძალიან სწრაფად დაასრულოს ის, თუ მიიღებს მარტივ და სწორ გადაწყვეტილებას - გააუქმოს ის, რაც გააკეთა", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ბრძოლის ველზე აბსოლუტური გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იგულისხმება ასეთ გამარჯვებაში.
„უკრაინა ორიენტირებულია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ მათ ამის გაკეთებაში", - აღნიშნა ოსტინმა.
„ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება, თუმცა რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის დადგება ეს მომენტი", - განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა დაეხმაროს უკრაინას, რომ მომავალში უკეთეს პოზიციაში იყოს.