„რაშა თუდეი“-ს სანქცირების საპასუხოდ, რუსეთი ამერიკული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელის, „რაშა თუდეისა“ და მისი რამდენიმე თანამშრომლისთვის სანქციების დაწესების საპასუხო ზომად, რუსეთი ამერიკული მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
„სიმეტრიული პასუხის გაცემა შეუძლებელი, რადგან აშშ-ში არ არის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები და სახელმწიფო ტელეარხები. თუმცა, აუცილებლად იქნება ზომები, რაც შეზღუდავს მათი მედიასაშაულებებისთვის ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი არ ცდილობს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსკოვს მისი შეხედულებების გამოთქმაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლის მცდელობას რუსეთზე, რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ მედიაზეც კი, რომელიც დაკავებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებით, ასევე მსოფლიო საზოგადოებისთვის, ჩვენი თვალსაზრისით, შეხედულებების მიწოდებით იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – განაცხადა პესკოვმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა „რაშა თუდეის“ და მის რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები მიღებულია მოსკოვის მიერ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე საპასუხოდ.