თეგებით ძიება

მარტო საატესტატო კი არა, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებიც უნდა აღდგეს და ატესტატს მნიშვნელობა მიეცეს - მანანა ნიკოლაიშვილი

სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება დიდი შეცდომა იყო - განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე TIA.GE -ს განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა: 

სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება დიდი შეცდომა იყო. საატესტატო გამოცდები აუცილებლად უნდა აღდგეს, თანაც რამდენიმე ტიპის უნდა ჩატარდეს, მაგალითად, მაპროფილეებელ საგანში ცალკე და სტანდარტის მინიმუმის დაძლევის ცალკე.  ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი მთლიანად უნდა შეიცვალოს. უნივერსიტეტებს უნდა მისცენ უფლება, რომ ფაკულტეტების გასაუბრებები თუ შიდა გამოცდები სპეციალობების მიხედვით ჩაატარონ. ამის გარდა, კიდევ  „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ბევრი რამე დააშავა, რაც გამოსასწორებელია. 

_ დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

_ გემახსოვრებათ, 2012 წელს  რომ მოვიდნენ, აბიტურიენტებს 7 სასურველი ფაკულტეტის ნაცვლად, 20 ფაკულტეტის არჩევის საშუალება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია არჩევანი გააკეთოს მუსიკოსობიდან მათემატიკოსობამდე. ასეთი აბსურდი ხომ განათლების ხარისხზე მოქმედებს? არანაკლები აბსურდის მომსწრენი გავხდით 2020 წელს, მორიგი რეფორმის დროს. ეროვნულ გამოცდებზე სამი სავალდებულო გამოცდა დაადგინეს, მესამე გამოცდა კი არჩევითი დატოვეს ისტორია ან მათემატიკა. ამას აბსოლუტური განუკითხაობა ქვია, რადგან ისტორია დღესაც უამრავ ტექნიკური მიმართულების  ფაკულტეტზე ბარდება. მე ვეკითხები სამინისტროს რატომ უშვებთ ისტორიას ასეთ მიმართულებებზე? ეს ხომ ახალგაზრდის გაწირვა და დროის ფუჭად კარგვაა?

_ ისტორიის სწავლა დროის ფუჭი კარგვაა?

_  რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რა შუაშია ისტორია მაგალითად, ბიომეცნიერებებთან, ბიოტექნოლოგიასთან, ბიზნესის ადმინისტრირებასთან, საკვები პროდუქტების გადამუშავებასა და სამაცივრო ტექნოლოგიასთან, აგრარულ მიმართულებებთან და ა.შ. წელს ისტორია 21400-მა აბიტურიენტმა აირჩია, მათემატიკა 17 000-მა, ლიტერატურა 1400-მა, ფიზიკა 1000-მა, ბიოლოგია 4000-მა, ქიმია 2800-მა, ხელოვნება 270-მა, სამოქალაქო განათლება 2600-მა ანუ ყველა რომ შეკრიბო, ისტორიის რაოდენობამდე მაინც ვერ მიდის. გავიგოთ, რომ 21-ე საუკუნე ისტორიის და ჰუმანიტაუული საგნების ეპოქა არაა. მე არ ვაკნინებ, მაგრამ ჰუმანიტარულ საგნებს სხვა დანიშნულება აქვთ. 21-ე საუკუნე ახალი ტექნოლოგიების, ტექნიკის და ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საუკუნეა და რას მივაწეროთ ჩვენთან ასეთი ტენდენციები? მარტო ისტორიის პრობლემა რომ იყოს, რა გვიჭირს.. მე გეტყვით რა დააშავა „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სფეროში:  1. გამოცდების რიცხვი შეამცირა, 2. არჩევითი საგნები ამოიღო 3. ისტორის ჩაბარება ისეთ ფაკულტეტებზე დაუშვა, სადაც არ შეიძლება, რომ ბავშვი ისტორიით მოხვდეს, 4. ბოლო წლებში ტესტებში ხშირად შეაქვთ ცვლილებები გამარტივების მიმართულებით, 5. მაქსიმალური ქულები დასწია, 6. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დასწია და ყოველგვარი შეზღუდვები მოხსნა. 7. ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა 20 - მდე გაზარდა და ა.შ. 

_ თქვენი აზრით, სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს ვითარების შესაცვლელად?

- პირველ რიგში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი უნდა შეიცვალოს. სადაც არის სწავლა და სწავლება, იქ არის გამოცდა, ამიტომ სკოლა რომ მთავრდება, გამოცდა უნდა ჩატარდეს. ატესტატის ქულას უნდა მიეცეს მნიშვნელობა. გამოცდა თუ არ იქნა, ხარისხს როგორ დაადგენ? კლასიდან კლასში ან კურსიდან კურსსზე როგორ გადაიყვან? გამოცდები რომ მოხსნეს და უნიშნო სწავლება რომ უნდათ, ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ნაყოფია, თუ ამას იდეოლოგია ქვია. გამოცდების და შეფასების გარეშე რითი უნდა უზრუნველყო ხარისხი? როგორ უნდა გაზომო შედეგები? ჩვენ თუ მაღალი ხარისხის,  ევროპულ თუ ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი გვინდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს. რა ესაქმება უნივერსიტეტში იმ ადამიანს, რომელაც სკოლაში მინიმალური ქულები აქვს და ნული ცოდნა? ხარისხი საიდან უნდა დადოს უმაღლესმა სასწავლებელმა თუ მაღალი ხარისხის სტუდენტი არ მივა? 

მარტო საატესტატო კი არა, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებიც უნდა აღდგეს. ბავშვი, რომელმაც გამართული წერა-კითხვა არ იცის, მეხუთე კლასში ვერ უნდა გადავიდეს. 

5-6 კლასში როდესაც პირველი საფეხური მთავრდება, იქაც უნდა მოხდეს ეროვნული შეფასება, ანუ სახელმწიუფომ სკოლასთან ერთად  უნდა გამოიკითხოს რა მდგომარეობაშია ბავშვების ცოდნა. მე-9 კლასის ბოლოს უნდა ჩატარდეს სახელწიფო გამოკითხვები და შემდეგ მე-12 კლასის დამთავრებისას უნდა ჩატარდეს სახელმწიფო გამოკითხვები და მანამდე კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები უნდა იყოს. თუ ბავშვი ვერც ძირითად და ვერც საშემოდგომო გამოცდას აბარებს კლასში უნდა დარჩეს. სანამ ეს არ მოხდება, მანამ არაფერი გვეშველება, მაგრამ ამავე დროს უნდა შეიქმნას კარგი სტანდარტები, პროგრამები და სახელმძღვანელოები. როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს უნდა მიაწოდონ დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოები და თვალსაჩინოება. 

- ბევრი ფიქრობს, რომ სკოლის გამოცდების აღდგენა და ატესტატის ქულისთვის მნიშვნელობის მიცემა სკოლაში კორუფციას ააყვავებს. 

- სახელმწიფო თუ თავის დონეზე იქნება, არანაირი კორუფცია არ აყვავდება, განათლების ხარისხი გაუმჯობესდება და  მცოდნე ბავშვებს მივიღებთ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებიც ხარისხიან შევსებას  მიიღებენ. იცით რამდენი უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნივერსიტეტში ჩაბარებისას? მაქსიმალური ქულის 50% +1 ქულა. მაპროფილებელ საგანში უნდა იყოს 80% +1 ქულა. მხოლოდ ასე შევძლებთ განათლების ხარისხის აწევას და მცოდნე სპეციალისტების გამოშვებას. სხვაგვარად შეუძლებელია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა